უგულავას მიმართვა უსუფაშვილს

უგულავა უსუფაშვილს: იმედია, ტრანსფერის 50 მლნ ლარით შემცირებას მხარს არ დაუჭერთ

დედაქალაქის მერი გიგი უგულავა პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს წერილობით მიმართავს. წერილში წერია, რომ საქართველოს მთავრობამ 1-ლ ოქტომბერს პარლამენტს წარუდგინა 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ პროექტი, რომლის მიხედვითაც, თბილისისთვის გამოსაყოფი ტრანსფერის მოცულობა 2013 წელთან შედარებით 50 000 000 ლარითაა შემცირებული. ტრანსფერის შემცირება კი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ საკუთარ ბრძანებაში ცვლილების შეტანის გზით მოხდა.

"ჩვენ მიერ გამოთქმული პრეტენზიების საპასუხოდ, საქართველოს ფინანსთა მინისტრისგან მივიღეთ სრულიად აბსურდული არგუმენტები, რომელთა მიხედვითაც განხორციელდა დედაქალაქის სტატუსის კოეფიციენტის და, შესაბამისად, ტრანსფერის მოცულობის შემცირება.

გვინდა თქვენი ყურადღება მივაპყროთ იმ არგუმენტებს, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს მთავრობამ მიიღეს გადაწყვეტილება, ქ. თბილისისათვის 2014 წელს შეემცირებინათ ტრანსფერი 50.0 მლნ ლარით.

ქ. თბილისის 2013 წლის ბიუჯეტის მოცულობა შეადგენს არა 704.0 მლნ ლარს, როგორც ეს ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია მითითებული, არამედ 740,0 მლნ ლარს და აქვე განვმარტავთ, რომ 2013 წელს ქ. თბილისის საკუთარი შემოსავლები განისაზღვრება არა 218,7 მლნ ლარით, არამედ 740.0 მლნ ლარით და მათ შორისაა ის გათანაბრებითი ტრანსფერიც, რომელიც სახელმწიფო ბიჯეტიდან გამოეყოფა ქ. თბილისის ბიუჯეტს. ცნობისათვის თვითმმართველობის საკუთარი შემოსავლები განსაზღვრულია მოქმედი საბიუჯეტო კოდექსით და არა ფინანსთა მინისტრის რომელიმე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით", - წერია წერილში.

გიგი უგულავა წერილში ამბობს, რომ ფინანსთა სამინისტრო ტრანსფერის შემცირების ერთ-ერთ მიზეზად თბილისის მერიის მხრიდან თანხების ათვისების შეფერხებას ასახელებს.

"გვინდა საქართველოს მთავრობისა და თქვენი ყურადღება გავამახვილოთ სახელმწიფო ბიუჯეტის ანალოგიურ მაჩვენებელზე, რომელიც 8 თვის მონაცემების მიხედვით მინიმუმ 600,0 მლნ ლარია და მხოლოდ იმიტომ არ ხდება სახელმწიფო ბიუჯეტის დეპოზიტების ზრდა, რომ პრობლემებია სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების შესრულებაში. რაც შეეხება თბილისის ბიუჯეტის დეპოზიტზე არსებულ თანხებს, ამ თანხების უდიდესი მოცულობა დაკონტრაქტებულია და მათი მომავალი წლის ბიუჯეტში სხვა მიზნებისათვის გამოყენება შეუძლებელი იქნება და ეს კარგად უნდა იცოდეს ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა. ასევე, ავღნიშნავთ, რომ როგორც ჩვეულებრივი საბიუჯეტო პრაქტიკა გვიჩვენებს, საკასო ხარჯების 35-40% სწორედ მეოთხე კვარტალში გაიწევა, ხოლო თბილისის ბიუჯეტის ათვისების წლიური მაჩვენებელი 2010-2012 წლებში 95-99%-ია.

ამასთან, გაუგებარია, რის საფუძველზე ვარაუდობს ფინანსთა სამინისტრო 2014 წელს თბილისის შემოსავლების ზრდას. მაგალითისთვის, 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებში შესამჩნევად იზრდება მხოლოდ ერთი საბიუჯეტო პარამეტრი და ეს არის ფასიანი ქაღალდების გამოშვება ანუ სახელმწიფო ვალის ზრდა. ამ შემთხვევაში, თბილისი ნამდვილად არ აპირებს, ვალების ზრდის ხარჯზე გაზარდოს ბიუჯეტის მოცულობა", - აღნიშნავს უგულავა წერილში.

გარდა ამისა, დედაქალაქის მერი მაღალმთიანი რეგიონების დაფინანსების ზრდას მიესალმება. თუმცა, მისივე თქმით, სჯობდა, ეს მომხდარიყო ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და საბიუჯეტო შემოსავლების ზრდის კვალობაზე და არა დედაქალაქის სტატუსის კოეფიციენტის დაკნინების ხარჯზე.

"უმჯობესი იქნებოდა, მომხდარიყო ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და, შესაბამისად, საბიუჯეტო შემოსავლების ზრდის კვალობაზე და არა დედაქალაქის სტატუსის კოეფიციენტის დაკნინების ხარჯზე, რომელიც უკანასკნელ პერიოდამდე შესაბამისობაში იყო ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში თბილისის წილთან და დედაქალაქზე დაკისრებულ განსაკუთრებულ ფუნქციებთან. აქვე გაცნობებთ, რომ არასწორია ფინანსთა სამინისტროს მტკიცება იმის შესახებ, თითქოს მთლიანი ტრანსფერის მოცულობიდან 50%-ზე მეტი გამოყოფილია თბილისისათვის, რადგან სახელწიფო ბიუჯეტში რეგიონებისთვის, თბილისისაგან განსხვავებით, გარდა გათანაბრებითი ტრანსფერისა, გათვალისწინებულია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ასიგნებები, რაც 2013 წელს 400,0 მლნ ლარს შეადგენს.

უნდა აღინიშნოს, რომ ფინანსთა სამინისტრომ ტრანსფერის შემცირებისას საერთოდ არ გაითვალისწინა მიმდინარე წელს სხვადასხვა დონეზე მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებმაც ქ. თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის ხარჯები, გასულ წლებთან შედარებით, ჯამში 100,0 მლნ ლარით გაზარდა. მათ შორისაა: დასუფთავების ფიქსირებული ტარიფის შემოღება - 20,0 მლნ ლარი; საბავშვო ბაღებში უფასო სწავლება - 20 მლნ ლარი; მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოპარკის განახლება - 30,0 მლნ ლარი; ავარიული კორპუსების გამაგრება - 30,0 მლნ ლარი;

განსაკუთრებულ აღნიშვნას საჭიროებს "თბილისი-2015" ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მომზადებისათვის საჭირო ხარჯები - 70,0 მლნ ლარი, რომლის დაფინანსებასაც ცენტრალური მთავრობა მხოლოდ 6,5 მლნ ლარით აპირებს და დანარჩენ ფინანსურ ვალდებულებებს თბილისის ბიუჯეტს აკისრებს.

ქ. თბილისის მერია გაგებით ეკიდება ქვეყნის ეკონომიკაში და სახელმწიფო ბიუჯეტში არსებულ რთულ მდგომარეობას, თუმცა გულისტკივილით აღნიშნავს, რომ უმჯობესი იქნებოდა, გადაწყვეტილება დედაქალაქის ტრანსფერის განსაზღვრის შესახებ მიღებული ყოფილიყო თბილისის მერიასთან კონსულტაციების შედეგად, რაც ნორმალური საბიუჯეტო ურთიერთობების შემადგენელი ნაწილია.

ბატონო დავით, იმედს გამოვთქვამთ, საქართველოს პარლამენტი გაგებით მოეკიდება ჩვენს თხოვნას და პარლამენტში 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას მხარს არ დაუჭერს ქ. თბილისისათვის ტრანსფერის 50,0 მლნ ლარით შემცირებას", - ნათქვამია დედაქალაქის მერის წერილში. 

კომენტარები