ნინო ბურჯანაძის პროგრამა

ბურჯანაძე: მე უზრუნველვყოფ რუსეთთან ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების დაწყებას

დემოკრატიული მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ საპრეზიდენტო პროგრამა წარმოადგინა. ბურჯანაძის თქმით, მან შეიტანა ის მთავარი ამოცანები და მიზნები, რაც ხალხთან შეხვედრების დროს მოისმინა. მისივე თქმით, უმთავრესი ამოცანა სამართლიანი სახელმწიფოს შექმნაა.

ბურჯანაძის თქმით, ქართული სახელმწიფოს წინაშე ორი ძირითადი ამოცანა დგას: მოქალაქეების შიდა და გარე უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ქვეყანაში საყოველთაო კეთილდღეობის საფუძვლების შექმნა. ბურჯანაძემ ასევე აღნიშნა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მომხრეა.

საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას, ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ სივრცესთან თანამშრომლობა ქვეყნის ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით უნდა იყოს აგებული.

ბურჯანაძემ რუსეთთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთთან საქართველოს ამჟამინდელი მდგომარეობა სრულიად გაურკვეველია.

"მთავრობის გაუბედავი ნაბიჯები რუსეთთან ურთიერთობების დათბობის სიმულაციას წარმოადგენს იმიტომ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ახალი საზღვრები და მავთულხლართები ჩნდება. მე უზრუნველვყოფ რუსეთთან ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების დაწყებას. მათ შორის, ყველა მტკივნეულ თემაზე, როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობა და არა მხოლოდ ბაზრის ნაწილობრივ აღდგენაზე", - აღნიშნა ბურჯანაძემ.

ბურჯანაძე ფიქრობს, რომ საქართველომ აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგი უნდა დაიწყოს. "მხოლოდ ამ დიალოგს შეუძლია ნდობის აღდგენა, აფხაზები და ოსები დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ ისინი არ იქნებიან სამხედრო და საომარი მოქმედებების სამიზნე", - თქვა ბურჯანაძემ.

ბურჯანაძემ ასევე თქვა, რომ  ქართული და აფხაზური ენები სახელმწიფოებრივ დონეზე უნდა იყოს დაცული და სკოლებში აფხაზური ენაც უნდა ისწავლებოდეს.

 

კომენტარები