ქართველი ჯარისკაცები

ქართული კვების კომპანიის მენეჯმენტი: ჯარისკაცები საკვებით არ მოწამლულან

თავდაცვის სამინისტრო

შპს ქართული კვების კომპანიის მენეჯმენტი ქართველი სამხედროების საკვებით მოწამვლას უარყოფს. როგორც ჟურნალისტებს კომპანიის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ფირცხალაიშვილმა განუცხადა, ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია ჯარისკაცების საკვებით მოწამვლის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება. ფირცხალაიშვილის თქმით, სიცრუეა ჯარისკაცთა რაოდენობაც და ის ფაქტიც, რომ ისინი საკვებით მოიწამლნენ.

"რამდენიმე ხნის წინ, ჯარისკაცები გადაიყვანეს გორის ჰოსპიტალში მოწამვლის სიმპტომებით. მათ სამი დღე უტარდებოდათ გამოკვლევა და ლაბორატორიულმა კვლევებმა არ დაადასტურა საკვებით მოწამვლის ფაქტი. დადგინდა ის, რომ ეს იყო დიარეა. დიარეა არის მოწამვლის ყველაზე მსუბუქი ფორმა, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს როგორც სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევამ, ასევე ენტეროვირუსმა, ან სხვა რამემ. ამ შემთხვევაში, ჩვენ არ ვადასტურებთ არც საკვებით მოწამვლის ფაქტს და არც ჯარისკაცების დიდ რაოდენობას, რაზეც იყო საუბარი", - განაცხადა ფირცხალაიშვილმა და აღნიშნა, რომ საკვები შეამოწმეს და ის უვნებელი აღმოჩნდა.

"ზოგადად, საკვების გაცემის წინ, თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო სამსახური იღებს ნიმუშებს ყველა მომზადებულ საკვებზე, რომელიც ინახება შემდგომ ლაბორატორიული კვლევებისთვის. ეს საკვებიც გამოვიკვლიეთ ლაბორატორიულად და უვნებელი იყო", - ამბობს ფირცხალაიშვილი.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა ადვოკატების წარმომადგენლების არჩილ კაიკაციშვილის, ჯაბა სირაძის და მაია მეფარიძის განცხადებით, 2 ოქტომბერს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე 20 სამხედრო მოსამსახურე მოიწამლა. მათივე მტკიცებით, ბოლო პერიოდში ჯარისკაცები საკვებით ხშირად იწამლებიან. ახალგაზრდა ადვოკატების თქმით, ამ საკითხზე კითხვები სამინისტროს კონტრაქტორთან - ქართული კვების კომპანიასთან აქვთ. 

კომენტარები