უსუფაშვილის განცხადება

უსუფაშვილი: მსოფლიოში არავინაა, ვისაც საქართველოს მთავრობის არჩევანი ეეჭვება

დავით უსუფაშვილი
netgazeti.ge

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტიკური ცვლილებები და ხელისუფლების ცვლილებები არ ცვლის ქვეყნის სტრატეგიულ მიმართულებას ევროპისაკენ - ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციაზე განაცხადა.

"მინდა ხაზი გავუსვა ევროპული ინტეგრაციის მიმართ ჩვენი ხალხის ურყევ და მკაფიო გამოხატულ მხარდაჭერას, რომელიც ერთი თვის განმავლობაში ჩატარებული კვლევებითაც კიდევ ერთხელ დასტურდება. ორი ათწლეულია, რაც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას მოსახლეობის 80%-მდე უჭერს მხარს. სწორედ ეს ფაქტი განაპირობებს იმას, რომ საქართველოში პოლიტიკური ცვლილებები, ხელისუფლების ცვლილებები არ და ვერ ცვლის ევროპისკენ ქვეყნის სტრატეგიულ მიმართულებას", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში და საპარლამენტო არჩევნებამდეც ისმოდა კითხვა იმის თაობაზე, თუ რა მოხდებოდა ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში და ხომ არ გამოიწვევდა ხელისუფლების ცვლილება კურსისა და ქვეყნის განვითარების პრინციპების შეცვლას. "დღეს, ვილნიუსის სამიტამდე რამდენიმე კვირით ადრე, სრულიად ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში აღარ დარჩა ყველაზე უფრო გამოუსწორებელი სკეპტიკოსიც კი, რომელიც ეჭვს შეიტანს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების არჩევანში და იმაში, თუ რა გვინდა ჩვენ, კოალიცია ქართულ ოცნებას. ჩვენ გვინდა საქართველოს სწრაფი განვითარება, მეტი დემოკრატია და არ ვთვლით, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებამ რაიმე მიზეზით უნდა მოიცადოს, როგორც ამას უწინ თვლიდნენ. ჩვენ მივიჩნევთ, რომ სწორედ დემოკრატიული, თავისუფალი საქართველოა ის, რომელსაც ევროპა საკუთარ კარს გაუღებს", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები