პარლამენტმა, მესამე მოსმენით, პრემიერმინისტრის უფლებამოსილების შემცირებასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ინიციატივა 103 ხმით დაამტკიცა. საკითხს მხარი საპარლამენტო უმცირესობამაც დაუჭირა.
მიღებული პროექტის მიხედვით, პრემიერმინისტრს ის უფლებამოსილება ერთმევა, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევს, პარლამენტის მიერ კანონპროექტის მიღება მთავრობის ნდობის საკითხს "მიაბას". ამასთან, ამავე ცვლილებების გათვალისწინებით, პარლამენტის მიერ ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან ორი თვის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის მიუღებლობა, მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებად ჩაითვლება და შესაბამისი პროცედურები ამოქმედდება.
საკონსტიტუციო პროექტი პარლამენტის მიერ მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანაზე კონტროლსაც ეხება. კერძოდ, კონსტიტუციაში რჩება პრეზიდენტის ვალდებულება, მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედით, მაგრამ არანაკლებ მთავრობის ხუთი წევრით განახლების შემთხვევაში, პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობა წარუდგინოს. ეს ის ნორმაა, რომელიც კონსტიტუციაში ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აღარ იარსებებდა.





