ე.წ. ჯიჰადის ვიდეოს საქმე

ღარიბაშვილი: ე.წ. ჯიჰადის ვიდეოს საქმის გახსნაში ამერიკული მხარე გვეხმარებოდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ე.წ. ჯიჰადის ვიდეოს საქმის გახსნაში ქართველ სამართალდამცავებს ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმარა. აღნიშნულის შესახებ მან გადაცემა "დიდ პოლიტიკაში" ისაუბრა.

"მე მინდა სიამაყით განვაცხადო, რომ ჩვენი სამინისტროს თანამშრომლებმა ძალიან მაღალი პროფესიონალიზმი გამოავლინეს და ეს ურთულესი საქმე გახსნეს. ამერიკული მხარე გვეხმარებოდა აქტიურად აღნიშნული დანაშაულის გამოძიების საქმეში. დანარჩენი დეტალებისგან თავს შევიკავებ, რადგან გამოძიება გრძელდება, სანამ არ გავარკვევთ რეალურ მიზეზებს, თუ რატომ იქნა ეს ვიდეო დამზადებული, რატომ იქნა ატვირთული, რას ემსახურებოდა, რა მოტივაცია ჰქონდა ამ ადამიანს და ვინ იყო მისი მხარდამჭერი. ამ ეტაპისთვის, მე ვფიქრობ, რომ საკმარისი ინფორმაცია მივაწოდეთ საზოგადოებას", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ირაკლი ღარიბაშვილი ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადებებსაც გამოეხმაურა.

"ნაციონალების განცხადებები, ჩემი აზრით, არ უნდა იყოს ავტორიტეტული. ყველაზე ჯანსაღი პოზიცია გიგი უგულავამ დააფიქსირა. სამწუხაროდ, ნაციონალები კიდევ ცდილობენ საზოგადოების ნაწილი შეიყვანონ შეცდომაში, მაგრამ ეს მათი მცდელობა უშედეგოდ დასრულდება. მინდა დავამშვიდო ნაციონალური მოძრაობა, რომ არც ისინი იკვეთებიან ამ დანაშაულში", - თქვა შს მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილი არ გამორიცხავს, რომ სამარ ჩოკუტაევს შეეძლო ვიდეო მარტოც მოემზადებინა.

"ვინც ერკვევეა კლიპის დამზადების ტექნოლოგიებში, ეს მარტივი დასამზადებელი იყო. ჩვენ ვთქვით, რომ კლიპში ღია წყაროებიდან მოპოვებული მასალაა. შესაბამისად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მხოლოდ მის მიერ იყო გაკეთებული", - თქვა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, ჯერჯერობით გამოძიებას სხვა ეჭვმიტანილი არ ჰყავს, თუმცა რამდენიმე ვერსია მუშავდება.

კითხვას - ხომ არ ხედავს რუსეთის სპეცსამსახურების კვალს, მინისტრმა უპასუხა, რომ ფაქტი, რომ ჩოკუტაევი ორჯერ იყო ნამყოფი მოსკოვში, არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ამის უკან ამა თუ იმ ქვეყნის სპეცსამსახური დგას. 

მინისტრმა განმარტა ისიც, თუ რატომ არ გახმაურდა ამდენი ხანი ეს ინფორმაცია, როდესაც საქმე ერთი თვის წინ იყო გახნილი.

"ეს ძალიან მარტივია, იმიტომ, რომ ეს საქმე იყო ოპერატიულ დონეზე გახსნილი, მაგრამ არ ეს ნიშნავდა, რომ ჩვენ გვქონდა სათანადო მტკიცებულებები მოპოვებული და მზად ვიყავით, რომ ამ პიროვნებისთვის ბრალი წარგვედგინა. ზოგჯერ საქმე არის 2-3 თვის გახსნილი და გამოძიება აგრძელებს მტკციებულებების მოგროვებას", - თქვა ღარიბაშვილმა.

კომენტარები