ბაქრაძის ინიციატივა

დავით ბაქრაძემ მთავრობას ეკონომიკის განვითარების გეგმა შესთავაზა

ხათუნა ხუციშვილი

ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ საპარლამენტო დებატებზე მთავრობას ეკონომიკის განვითარების გეგმა შესთავაზა. ბაქრაძემ მთავრობას გადასახადების დაწევისა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისაკენ მოუწოდა.

"ბოლო რვა წლის მანძილზე ჩვენ გავაუქმეთ 15 გადასახადი, დღგ 2%-ით ნაკლები გახდა, საშემოსავლო და სოციალური გადასახადი გაერთიანდა და 20%-ზე ჩამოვიდა, მოგების გადასახადმა 5%-ით დაიკლო. ეს არის გზა, რომლითაც ჩვენ მივდიოდით და მე მჯერა, რომ ეს არის ის გზა, რომელიც უნდა გავაგრძელოთ", - განაცხადა ბაქრაძემ. მისი განმარტებით, გადასახადების შემცირება დამსაქმებლისთვის მეტ სამუშაო ადგილს, ხოლო თითოეული ოჯახისთვის - გაზრდილ შემოსავალს ნიშნავს.

ბაქრაძის თქმით, წინა მთავრობა ხშირად სათანადოდ ვერ იცავდა ბიზნესს სამართალდამცველების ჩარევისგან და ახალ მთავრობას აქვს შანსი, ეს გამოასწოროს.

"ჩვენ ვერ დავიცავით ბიზნესი სამართალდამცველების ჩარევისგან და ვერ შევძელით საკუთრების უფლების დაცვა. ეს პრობლემა იყო. აქედან გამომდინარე, გთავაზობთ, გადადგათ ნაბიჯები, რათა ბიზნესგარემო დაცული გახდეს. ბიზნესი გავმიჯნოთ სამართალდამცველებისგან, ეკონომიკურ დანაშაულზე მოიხსნას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, თუ კომპანიის მთლიანი ბრუნვის 10%-ზე მეტია შეცდომა, ამ კომპანიამ შეცდომა გაასწოროს ავტომატურ რეჟიმში და არა მის წინააღმდეგ აღძრული საქმის შედეგად", - განაცხადა ბაქრაძემ.

 

კომენტარები