ცეზარ ჩოჩელის საქმე

სასამართლოს განჩინებით, ცეზარ ჩოჩელის ოჯახის უძრავი ქონება დაყადაღებულია

livepress.ge

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ცეზარ ჩოჩელის ოჯახის წევრების სახელზე რიცხული საწარმოების წილები და უძრავი ქონება დააყადაღა. სამსახურის ინფორმაციით, ყადაღა არ დადებია ჩოჩელის ოჯახის საწარმოების მოძრავ ქონებას.

"სახელმწიფოსათვის მიყენებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ზიანის ანაზღაურებისა და გამოძიების დასრულებამდე დანაშულებრივი გზით შეძენილი აქტივების რეალიზაციის აღკვეთის მიზნით, ყადაღა დაედო ცეზარ ჩოჩელის ოჯახის წევრების სახელზე რიცხულ, მის გამგებლობაში არსებული კომპანიების შპს მიქსორის, შპს რკინაბეტონის შპალის ქარხნის, შპს ბარამბოს, შპს ბერტას, შპს რკინაბეტონის შპალის ქარხნის 70%-იან წილს ლუდსახარშ ზედაზენში, ასევე ზემოაღნიშნული საწარმოების საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას. ამასთან, ხაზი გვინდა გავუსვათ იმ გარემოებას, რომ ხსენებული საწარმოების საქმიანობის შესაძლო შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, ყადაღა არ დადებია ფირმების მოძრავ ქონებას, კერძოდ, ტექნიკა-დანადგარებს, საბანკო ანგარიშებს, საწარმო მარაგებს და საქმიანობისთვის აუცილებელ სხვა საშუალებებს და მათ სრული შესაძლებლობა აქვთ შეუფერხებლად განაგრძონ სამეწარმეო საქმიანობა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მზადყოფნას გამოთქვამს და დაინტერესებულია, გამოძიების პროცესში ხელი არ შეუშალოს ხსენებულ საწარმოებს გამართულ ფუნქციონირებაში", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით. გამოძიების ვერსიით, 2010-2013 წლებში შპს მიქსორი სახელმწიფოს კუთვნილ შპს რკინაბეტონის შპალის ქარხანას "თაღლითურად დაუფლა". "ცეზარ ჩოჩელის მიერ შპს რკინაბეტონის შპალის ქარხნის უკანონოდ ფლობით ამ უკანასკნელის გამგებლობაში მოექცა დაახლოებით 49 000 000 ლარის ოდენობის უკანონო შემოსავალი, რომლისთვისაც კანონიერი სახის მიცემის მიზნით შპს რკინა ბეტონის შპალის ქარხანამ 30 347 018 ლარად შეიძინა ლუდსახარში ზედაზენის 70% წილი, შპს ბარამბოსათვის შეძენილი იქნა 6 331 705 ლარის, ხოლო შპს ბერტასთვის - 1 189 061 ლარის ღირებულების სხვადასხვა ტექნიკა-დანადგარები, ასევე შპს მიქსორმა - როგორც შპს რკინაბეტონის შპალის ქარხნის დამფუძნებელმა ქარხნიდან დივიდენდის სახით გაიტანა 12 000 000 ლარი", - აცხადებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და 194-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.

კომენტარები