ერთიანი ეროვნული გამოცდები

მაია მიმინოშვილი: რას ნიშნავს ტერმინი "საერთაშორისო ოლიმპიადაში გამარჯვებული"?

მაია მიმინოშვილი
ირაკლი ბლუიშვილი

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მიერ მომზადებულ ცვლილებას, რომლის თანახმადაც, "განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდები" უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება ეხება იმ ადამიანებს, რომლებსაც საერთაშორისო ოლიმპიადაზე ან სახელოვნებო-შემოქმედებით კონკურსში უმაღლესი შეფასება აქვთ მიღებული. მაია მიმინოშვილი მიიჩნევს, რომ კანონპროექტი შესაძლოა კონკრეტულ პიროვნებაზე იყოს მორგებული. გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორს აინტერესებს, რომელ საერთაშორისო ოლიმპიადაზე გამარჯვებულზეა საუბარი მაშინ, როდესაც მსოფლიოში უამრავი საერთაშორისო ოლიმპიადა იმართება. მიმინოშვილის შეფასებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემა 10 წლის განმავლობაში ძალიან კარგად მუშაობს და ის ერთი გამონაკლისის დაშვებისთანავე დაინგრევა. 

"ეს არის სისტემის დანგრევა. მაშინ, ჩვენ ერთიანი ეროვნული გამოცდები არ გვჭირდება. ვინმემ ამიხსნას, რას ნიშნავს ტერმინი "საერთაშორისო ოლიმპიადაში გამარჯვებული", მაგალითად, მე მაქვს უფლება, თბილისში რაღაც ოლიმპიადა ჩავატარო, სრულიად არ იქნება ჩემთვის რთული, ერთი უცხოელი ბაქოდან ან ერევნიდან ჩამოვიყვანო, მივაღებინო მონაწილეობა. ვიტყვი, რომ არის საერთაშორისო ოლიმპიადა. ამ ჩემს ოლიმპიადაში გამარჯვებულიც ითვლება? დავუშვათ, ბავშვმა გაიმარჯვა ძალიან პრესტიჟულ ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში. რადგან მან ფიზიკის ოლიმპიადაში გაიმარჯვა, ამისათვის უნდა ჩავუთვალოთ მას ქართული, უცხო ენა და უნარებიც? ან ფიზიკის ოლიმპიადაში გამარჯვებულს უნდა სამართალმცოდნეობაზე ან სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლა, რა კავშირშია ფიზიკა ამ ორ მიმართულებასთან? ფიზიკის ოლიმპიადაში გამარჯვებული აპრიორი გაცილებით უკეთესია, ვიდრე აბიტურიენტი, რომელმაც ეროვნულ გამოცდებზე ძალიან მაღალი ქულები მიიღო? ეს შედარება ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია", - განაცხადა მიმინოშვილმა.

აღსანიშნავია, რომ  განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მიერ მომზადებული ცვლილებით, კანონს უკუძალა მიენიჭება და სასწავლებლებში სწავლის უფლება შეუნარჩუნდებათ 2013 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე იმ პირებს, რომლებმაც ვერ გადალახეს ამა თუ იმ საგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და "მათი ნიჭის მიუხედავად", სწავლის უფლების გარეშე დარჩნენ. 

კომენტარები