გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო კამპანია

პრესსამსახური: გიორგი მარგველაშვილი შეკრებილ საზოგადოებასთან ფეხით მივიდა

გიორგი მარგველაშვილი ფასანაურში
მარგველაშვილის პრესსამსახური

კოალიცია ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში ფასანაურსა და დუშეთში 25 სექტემბერს მოსახლეობას შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ მარგველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

"გიორგი მარგველაშვილი შეკრებილ საზოგადოებასთან ფეხით მივიდა, ადგილობრივმა მოსახლეობამ ლუდის ხარშვის თეატრალიზებული ცერემონია დაახვედრა, კოალიციის კანდიდატმა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ნარმანიასთან ერთად ადგილზე მოხარშული ლუდიც დააგემოვნა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კულტურის მოღვაწეები: გივი ბერიკაშვილი, კახი კავსაძე და ელგუჯა ბურდული, რომლებმაც შეკრებილ საზოგადოებას გიორგი მარგველაშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. ელგუჯა ბურდულმა პრეზიდენტობის კანდიდატს, როგორც ადგილობრივ მკვიდრს, მოსახლეობის სახელით დუშეთის გერბი გადასცა.

ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი ადგილობრივ მოსახლეობას დუშეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ტრიპოლსკიმ წარუდგინა.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა დუშეთის მოსახლეობას მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ მათი აქტიურობა ერთგვარი პიროვნული ტესტია საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, რაც დღევანდელი შეხვედრით წარმატებით იქნა ჩაბარებული", - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი 26 სექტემბერს შეხვედრებს ახმეტასა და დედოფლისწყაროში გამართავს.

კომენტარები