ივანიშვილი: რომ არა ჩვენი მოსვლა, კოლაფსი მოხდებოდა

საქართველოს პრემიერმინისტრმა საკუთარ ბიზნესცენტრში ექსპერტებთან შეხვედრისას საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასა და პოლიტიკაზე ისაუბრა. პრემიერმა პასუხი გასცა "რეფორმების ასოციაციის" ხელმძღვანელ სერგი კაპანაძეს, რომელმაც აღნიშნა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი კვარტალიდან კვარტალამდე მცირდება.

"იმ მეთოდებით, რა მეთოდებითაც ეკონომიკა იმართებოდა და ათასჯერ მითქვამს ეს და ეს არის "აი ია", ამ მეთოდებით მართულ ეკონომიკას არანაირი პერსპექტივა არ აქვს, ვერ განვითარდება, როგორც ეს ხდებოდა, ყველა ბიზნესი იმართებოდა ერთი კაცისგან. ეს [მიხეილ სააკაშვილი] უთითებდა სად რა უნდა აეშენებინათ, სად რა უნდა გეკეთებინათ და ამით ბიზნესი პრაქტიკულად იყო გაძვალტყავებული. რომ არა ჩვენი მოსვლა, კოლაფსი მოხდებოდა, ბიუჯეტის შევსების არანაირი შანსი არ ჰქონდათ. იმ კრედიტების ნაწილი, რაც იმ უბადრუკი ომის შემდგომ აიღეს, იხარჯებოდა ეფექტურად, ნაწილი არაეფექტურად და ძირითადად ეს იძლეოდა იმ პროცენტებს, რასაც ესენი ხატავდნენ. ეკონომიკა, რომელიც იქნება საქართელოში და რომლის გადალაგება დავიწყეთ, ეს იქნება ჯანსაღი, კონკურენტული ეკონომიკა. იმ ციფრებს, რომლებიც იხატებოდა, ეკონომიკურ ზრდასთან არანაირი შეხება არ ქონდა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მისივე თქმით, ეკონომიკის ზრდა ძირითადად სახელმწიფო პროექტების განხორციელების ხარჯზე, მათ შორის, იუსტიციის სახლებისა და პარლამენტის მშენებლობით იყო განპირობებული, ხოლო ამ პროცესში კერძო ბიზნესის მონაწილეობა მინიმალური იყო.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველო მთლიანი შიდა პროდუქტით რეგიონში ყველა სახელმწიფოს ჩამორჩება, ხოლო ევროპულ სახელმწიფოებს - 10-ჯერ.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ეკონომიკის თითქმის ყველა მაჩვენებელი მცირდება. ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრებმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაანახევრეს და თქვეს, რომ 6%-ის ნაცვლად, 2013 წლის ბოლოს ეკონომიკა მხოლოდ 3%-ით გაიზრდება. ეკონომიკაში ამ პრობლემებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მთავრობის ბუნდოვანი ეკონომიკური პოლიტიკით ხსნიან, რაც ზრდის გაურკვევლობას ინვესტორებში.

კომენტარები