ოკუპირებული ტერიტორიები

ელოშვილი: განსხვავება ის იქნება, რომ BP მილსადენის ნაწილზე შემოვლას ვერ შეძლებს

energy.gov.ge

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე, ილია ელოშვილი, ბაქო-სუფსის მილსადენის ნაწილის საოკუპაციო ხაზს მიღმა მოხვედრის შესახებ საუბრობს.მისი თქმით,ნავთობსადენი ყარაფილიდან 1 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. თუმცა, თუ საოკუპაციო ხაზს მიღმა მილსადენის ნაწილი მოხვდება, მის მუშაობას საფრთხე არ დაემუქრება.

"ბაქო-სუფსის მილსადენი გადის 1 კილომეტრის დაშორებით სოფელი ყარაფილიდან. შესაბამისად, გარდა სოფლისა, მათ კიდევ ერთი კილომეტრით წინ უნდა წამოიწიონ, იმისთვის, რომ მათ განკარგულებაში ამ მილსადენის რაღაცა მონაკვეთი მოექცეს. მაქსიმუმ ალბათ, ჩემი აზრით, 1000 მეტრი მოექცევა. თუმცა, თეორიული დაშვების შემთხვევაში თვითონ ბაქო-სუფსას ოპერირებას არანაირი პრობლემა არ ექნება, იმიტომ რომ ეს არის მიწისქვეშა მილსადენი. ერთადერთი განსხვავება იქნება სხვა დანარჩენი ასობით კილომეტრი მილსადენისგან, რომ BP-ის შემომვლელები ვერ შეძლებენ შემოვლას", - ამბობს ელოშვილი.

შეგახსენებთ, რომ რუსი ოკუპანტები ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოებს აგრძელებენ. რუსეთისა და მარიონეტული რეჟიმის ინფორმაციით, ისინი საბჭოთა ადმინისტრაციულ საზღვრებს მიჰყვებიან და მავთულხლართებს სწორედ იქ ავლებენ, სადაც ადრე ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარი გადიოდა. გეგმის განხორციელების შემთხვევაში, საოკუპაციო ხაზს მიღმა ბაქო-სუფსის მილსადენის ნაწილი მოექცევა. გადაკვეთა სოფელ ყარაფილაზე ხდება. აღნიშნული ინფორმაცია გუშინ ტელეკომპანია ტაბულას ეთერში, გადაცემა ფოკუსში გავრცელდა.

ტაბულა დაუკავშირდა BP-ს, რომელიც ბაქო-სუფსის მილსადენის ოპერირებას ეწევა. თუმცა მათ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ტაბულას აღნიშნული საკითხის გარკვევას დაჰპირდა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით ჯალაღანიას თქმით კი, მილსადენის საოკუპაციო ხაზს მიღმა მოქცევის შესახებ არაფერი სმენია.

მილსადენის ნაწილის ე.წ. საზღვრის მიღმა მოქცევა გადაცემა ფოკუსში ორგანიზაცია საქართველოს რეფორმების ასოციაციის თანადამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ რეგიონულ და სტრატეგიულ პრობლემად შეაფასა.

"ეს არის რეგიონული და სტრატეგიული პრობლემა, როდესაც ტრანზიტული მილსადენი, რომელსაც გადააქვს ნავთობი კასპიის ზღვიდან შავ ზღვაში და შემდეგ ეს მიდის ევროპაში. ეს არის BP-ს მფლობელობაში. ეს მილსადენი დიდი ალბათობით, იმ დეკლარირებული გეგმით, რაც მათ აქვთ, მოხვდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რაც, ბუნებრივია, იწვევს სერიოზულ რეგიონულ პრობლემებს და ასევე არის გარკვეული გამოწვევა საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც", - თქვა ხოშტარიამ.

 

კომენტარები