ოკუპირებული ტერიტორიები

ნორლანდი: თანამედროვე სამყაროში არ უნდა ვაშენებდეთ ბარიერებს

ამერიკის ელჩის რიჩარდ ნორლანდის შეფასებით, ტრაგედიაა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი საერთაშორისო საზოგადოებისგან იზოლირებულია. როგორც ელჩმა ხურვალეთში სტუმრობისას აღნიშნა, სოფელს ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან ერთი კილომეტრი აშორებს. 

"მახსოვს, როდესაც 20 წლის წინ საქართველოში ვიმყოფებოდი, მქონდა საშუალება, მემოგზაურა ცხინვალის რეგიონში. ტრაგედიაა, რომ დღეს ე.წ. სამხრეთ ოსეთი იზოლირებულია საერთაშორისო საზოგადოებისგან. ტრაგედიაა, რომ ფერმერებს და აქ მცხოვრებლებს არ აქვთ საშუალება, ჩავიდნენ თავიანთ სოფლებში და მოინახულონ წინაპრების საფლავები. დღევანდელმა ვითარებამ კრიზისამდე არ უნდა მიგვიყვანოს. საერთაშორისო საზოგადოება გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერას", - განაცხადა ნორლანდმა და აღნიშნა, რომ ჟენევის მოლაპარაკებები სწორედ ამ პრობლემის გონივრული გადაწყვეტის გზის მოძებნას ემსახურება. 

"თანამედროვე სამყაროში არ უნდა ვაშენებდეთ ბარიერებს. პირიქით, უნდა ვანგრევდეთ. ვფიქრობ, დღევანდელი ვითარებიდან გონივრული გამოსავლის პოვნა შესაძლებელია", - დასძინა აშშ-ის ელჩმა საქართველოში.

კომენტარები