თელიასონერა

ერიმ ტაილანლარი: თელიასონერას საქართველოში გრძელვადიანი გეგმები აქვს

თელიასონერას (ჯეოსელის დამფუძნებელი კომპანია) ევრაზიის რეგიონის კორპორაციული კომუნიკაციების ვიცეპრეზიდენტის ერიმ ტაილანლარის განცხადებით, თელიასონერა კვლავინდებურად აგრძელებს ინვესტირებას საქართველოს ბაზარზე. მისი თქმით, კომპანია თავის ინვესტირებას ქვეყანაში გრძელვადიან საქმიანობად განიხილავს. ტაილანლარის განმარტებით, მედიაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. 

"მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თელიასონერა განიხილავს საქართველოდან თავისი ინვესტიციების გატანას, არასწორი და სრულიად უსაფუძვლოა. ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას და თელიასონერა კვლავინდებურად განაგრძობს თავის საქმიანობას საქართველოს ბაზარზე. ქართული ბაზარი მზარდია და ამ ეტაპზე ჯეოსელის საქართველოს ბაზარზე არსებობას განვიხილავთ გრძელვადიანი მომავლის პერსპექტივით. ჩვენ ქვეყნის მთავრობასთან ვაწარმოებთ რეგულარულ და გამჭვირვალე დიალოგს მობილური კომუნიკაციების სექტორის რეგულირებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე. ნებისმიერი ინვესტორისათვის მნიშვნელოვანია იყოს სტაბილური გარემო და საიმედო რეგულირების მექანიზმი. რაც შეეხება მთავრობის მიერ დაკისრებულ გადასახადს, ის უნდა იყოს სამართლიანი და მდგრადი. ჯეოსელი საქართველოში მსხვილი ინვესტორი და დამსაქმებელია, რომელიც მუდმივად ნერგავს სატელეკომუნიკაციო სფეროში არსებულ ტექნოლოგიურ სიახლეებს. გვჯერა, რომ ჩვენს მიერ შეთავაზებული პროდუქტები და სერვისები საქართველოს მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და არ დავიშურებთ ძალისხმევას, რათა კვლავაც შევინარჩუნოთ მათი ჩვენდამი ნდობა" - აცხადებს ერიმ ტაილანლარი, რომლის კომენტარიც კომპანია ჯეოსელმა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა. 

ცნობისთვის, გუშინ კომპანია ჯეოსელის წარმომადგენელმა ლევან გიორგაძემ, პარლამენტში კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე თქვა, რომ თელიასონერა საქართველოდან გასვლასა და ინვესტიციების გატანის საკითხს განიხილავს. მოგვიანებით, ჯეოსელმა ეს უარყო.

კომენტარები