აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან

ევრაზიული არჩევანისა და თავისუფალი ზონის წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ევრაზიული კავშირის მომხრეებისა და თავისუფალი ზონის წევრების ურთიერთსაწინააღმდეგო აქციები გაიმართა.

კოალიცია ევრაზიული არჩევანისა და ერეკლე მეორის საზოგადოების წევრებმა საქართველოს ხელისუფლებისგან რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა და ოკუპაციის შესახებ კანონის გაუქმება მოითხოვეს. ისინი ამბობდნენ, რომ ხისტი პოლიტიკით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ვერ აღდგება და საჭიროა რუსეთთან მეგობრული ურთიერთობა.

ევრაზიული კავშირის მომხრეთა აქციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თავისუფალი ზონის წევრები გამოჩნდნენ. ისინი სკანდირებდნენ - "არა ოკუპაციას", "არა ევრაზიულ კავშირს", "არა რუსეთს".

ურთიერთსაწინააღმდეგო აქციაზე ევრაზიული კავშირის მომხრეებმა და თავისუფალი ზონის წევრებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს. თუმცა, პოლიციამ სიტუაციის განეიტრალება შეძლო.

ამ წუთებში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქციის მონაწილეები აღარ არიან. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

კომენტარები