NDI-ის კვლევა

NDI-ის მიერ გამოკითხულთა 47%-ს ინტერნეტზე წვდომა საერთოდ არ აქვს

NDI-ის კვლევა
NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოკითხული მოქალაქეების 47%-ს ინტერნეტზე წვდომა არ აქვს, 41%-ს კი ინტერნეტი სახლში აქვს.

გამოკითხულთა 7%-ს ინტერნეტზე წვდომა სამსახურიდან აქვს, 6%-ს მობილური ტელეფონიდან, 4%-ს მეგობრების დახმარებით, 1%-ს კი - ინტერნეტკაფეებიდან.

NDI-ის კვლევაში მონაწილეთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის ინფორმაციის პირველწყაროდ კვლავ ტელევიზიები რჩება (86%), ინტერნეტი გამოკითხულთა მხოლოდ 6%-ისთვის არის ინფორმაციის პირველწყარო და 14%-ისთვის მეორე წყარო. მიუხედავად ტელევიზიასთან შედარებით ნაკლები უპირატესობისა, ინტერნეტი ამ თვალსაზრისით საქართველოში მეორე ადგილს ინარჩუნებს და უსწრებს როგორც ჟურნალ-გაზეთებს, ისე რადიოებს. მაგალითად, ბეჭდური გამოცემები მხოლოდ გამოკითხულთა 1%-ისთვის არის ინფორმაციის პირველი წყარო, 17%-ისთვის კი - მეორე. რადიოები კი ინფორმაციის პირველი წყარო გამოკითხულთა 1%-ზე ნაკლები რაოდენობისთვის არის, მეორე წყარო კი მხოლოდ 1%-ისთვის.

ამავე კვლევაში მოცემულია შედეგები, გამოკითხულები  თუ რომელი ვებგვერდებიდან იღებენ პოლიტიკის შესახებ ინფორმაციას. პირველი სამეული ასე გამოიყურება: Facebook - 78%, საინფორმაციო სააგენტოები - 27%, Youtube - 16%.

საზოგადოებრივი განწყობების კვლევა 18 აგვისტოდან 3 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 3,838 რესპონდენტი გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი CRRC.

კომენტარები