უწყებათაშორისი კომისია

წულუკიანი: საკადრო გადაადგილებისა და იმპიჩმენტის პროცედურები უნდა შეჩერდეს

საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი კომისია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს რეკომენდაციით მიმართავს. კომისიის ხელმძღვანელის თეა წულუკიანის განცხადებით, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში დაწყებული საკადრო გადაადგილებისა და იმპიჩმენტის პროცედურები უნდა შეჩერდეს. როგორც დღევანდელი შეხვედრის შემდეგ წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, შემუშავდა ჩარჩოინსტრუქციები, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები საჯარო მოხელეებს გადასცემენ.

"დღეს პირდაპირ ვთხოვე ნაციონალურ მოძრაობას დახმარება, რომ იმ რაიონებში, სადაც პარტიის წევრების ერთმანეთთან ურთიერთობების გარჩევა საბოლოოდ იმპიჩმენტის ხასიათს იღებს, პროცესი სასწრაფოდ შეჩერდეს. კომისიამ ერთხელ უკვე გასაგებად თქვა, რომ ეს ზიანს აყენებს პრეზიდენტობის ყველა კანდიდატს", - აღნიშნა წულუკიანმა.

მისივე თქმით, მომავალ სხდომაზე, კომისია ერთთვიანი მუშაობის ანგარიშს დაამტკიცებს, სადაც ასახული იქნება - რომელ საჩივარს როგორი რეაგირება მოჰყვა.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმცირესობის წევრის თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, უწყებათაშორისი კომისიის დღევანდელ სხდომაზე მან საჩივრები წარადგინა. ბოკუჩავას თქმით, ის საარჩევნო დარღვევებზე ფაქტების კონსტატაციას ახდენდა, რასაც დეპუტატი ირინა იმერლიშვილი "წივილ-კივილით შეხვდა". დეპუტატი აღნიშნავს, რომ ამის გამო, შესაძლოა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უწყებათაშორისი კომისიის მუშაობას გამოეთიშოს.

კომენტარები