ბომბის შესახებ შეტყობინება

შსს-მ ცრუ შეტყობინების ბრალდებით, ორი არასრულწლოვანი დააკავა

RFE/RL

სამართალდამცავებმა თბილისის 21-ე, N24-ე და N53-ე საჯარო სკოლებში ნაღმის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინების ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული გეგი ა. და 1998 წელს დაბადებული ელგუჯა გ. დაკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ცრუ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერტიულ მართვის ცენტრ "112"-ში 20 სექტემბერს 09:45 საათზე შევიდა. ზარის ავტორმა ცენტრის ოპერატორს ერთდროულად სამ სკოლაში ნაღმის არსებობის შესახებ აცნობა.

შსს-ს შესაბამისი სამსახურები შეტყობინების მიღებისთანავე, სამივე სკოლასთან გამოცხადდნენ. ჩატარებული სამუშაოების შედეგად დადგინდა, რომ შეტყობინება ცრუ იყო.

სამართალდამცველებმა ორივე მოზარდი მშობლებთან ერთად პოლიციის განყოფილებაში დაკითხეს. ისინი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემიან, როგორც 14 წელს მიღწეული პირები.

გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით). გამოძიებას შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველო აწარმოებს.

ბოლო დღეების მანძილზე, 112-ზე შესული ზარების გამო, ევაკუაცია რამდენჯერმე გამოცხადდა ტელეკომპანიებში - იმედი, რუსთავი 2, მაესტრო. ასევე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და საქართველოს პარლამენტში.

ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების გახშირებული შემთხვევების გამო, სისხლის სამართლის კოდექსში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება დაისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოთი, ერთიდან ორ წლამდე ვადით ან ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. თუკი აღნიშნული ქმედება დამამძიმებელ გარემოებებში იქნება ჩადენილი, სანქცია თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან შვიდ წლამდე განისაზღვრება.

კომენტარები