საზღვრის გავლება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს მავთულხლართების მოხსნისკენ მოუწოდებს

www.state.gov

აშშ-ის საელჩო საქართველოში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ავრცელებს. აშშ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ ხაზთან საზღვრის გავლების პროცესის გამო შეშფოთებულია. განცხადებაში წერია, რომ აღნიშნული პროცესი რამდენიმე წლის წინ დაიწყო.

"სოფლებთან, დიცთან და ხურვალეთთან საზღვრის აღმართვის პროცესი ინტენსიური გახდა. საზღვარი უფრო მეტად აშორებს ოჯახებსა და მეზობლებს და შესამჩნევად უარყოფით გავლენას ახდენს მოსახლეობის ცხოვრებასა და საქმიანობაზე ეკლიანი მავთულის ორივე მხარეს. ადგილობრივ მოსახლეობას ეჭრება გზა ნაკვეთებისკენ. ბავშვებს სასკოლო მეცადინეობაში ეშლებათ ხელი. შეუძლებელი ხდება სასაფლაოებზე მოხვედრა", - წერია განცხადებაში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს მავთულხლართების მოხსნისკენ მოუწოდებს და სთხოვს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების პირობებისა და ასევე საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას.

დეპარტამენტის განცხადების მიხედვით, მოწოდება გაგრძელდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო სარბიელზეც, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიისას.

"მივესალმებით კონფლიქტების მოგვარებისადმი საქართველოს მთავრობის მშვიდობიან მიდგომას. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ჩაერთონ აზრიან დიალოგში ვითარებიდან გამოსავლის საპოვნელად", - წერია განცხადებაში.

კომენტარები