ღვინის ექსპორტი

სააკაშვილი: ხაფანგში გვეპატიჟება ის, ვინც მარტო რუსეთზე ჩამოგვკიდებს

მიხეილ სააკაშვილი
fb.com/SaakashviliMikheil

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის აზრით, ქართული ღვინის გასატანად მხოლოდ რუსულ ბაზარზე ორიენტირება მძიმე შეცდომაა. ამის შესახებ მან ყვარლის სახლში გახსნილ სასწავლო ცენტრში მეღვინეობის საკითხებზე ჩატარებულ ტრენინგზე ისაუბრა.

"აქ ჩამოვიყვანეთ ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი მეღვინეობის დარგში საფრანგეთიდან. ჩვენ გვასწავლის, როგორ გავიდეთ მსოფლიო ბაზრებზე. არ უნდა ვიყოთ ჩამოკიდებული რუსულ ბაზარზე. რუსეთმა მოლდოვას გაუხსნა ბაზარი და დაუხურა ისევ 2 წელიწადში. ხაფანგში გვეპატიჟება ის, ვინც მარტო რუსეთზე ჩამოგვკიდებს. მხოლოდ რუსულ ბაზარზე ორიენტაცია - მძიმე შეცდომაა. ახლა ჩამოვიყვანე ფრანგი სპეციალისტი, მერე ჩამომყავს ესპანელი და ამერიკელი სპეციალისტები. სპეციალისტები ჩამოგვყავს ყველა წამყვანი ქვეყნიდან იმისთვის, რომ ჩვენs ღვინოებს და ვენახებს დავუმატოთ თანამედროვე ტექნოლოგიები. 
ჩემთვის ეს არის მნიშვნელოვანი საქმე და პრეზიდენტობის შემდეგ ვაპირებ, რომ ეს ვაკეთო ინტენსიურად", - თქვა სააკაშვილმა. 

კომენტარები