ცეზარ ჩოჩელის დაკითხვა

ცეზარ ჩოჩელი: ეს არის თითიდან გამოწოვილი ბრალდება

livepress.ge

მცხეთა-მთიანეთის ყოფილმა გუბერნატორმა ცეზარ ჩოჩელმა საგამოძიებო სამსახური დაკითხვის შემდეგ ადვოკატთან ერთად დატოვა. სააგენტო ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ჩოჩელმა ახალი ბრალდება მისი ოჯახის დაქვემდებარებაში არსებული ბიზნესის განადგურების მცდელობად შეაფასა. როგორც ცეზარ ჩოჩელმა განაცხადა, ბრალი, რომელიც მას ე.წ. შპალების საქმეზე წაუყენეს, აბსურდის თეატრია.

"ეს არის თითიდან გამოწოვილი ბრალდება. ე.წ. შპალების საქმის შესახებ და სხვა დეტალებზე ხვალ გავმართავ ბრიფინგს და მედიას ამომწურავ ინფორმაციას მივაწოდებ. გამოძიების ინფორმაცია, რომ შპალების საქმეზე დარჩენილი თანხებით ბარამბო, ბერტა და სხვა კომპანიები შევიძინე, სისულელეა. დღევანდელი გადასახედიდან, ეს არის შეტევა ყველაზე წარმატებულ კომპანიებზე. კომპანია ზედაზენი არის ერთადერთი კომპანია, ვისაც აქვს 40%-იანი ზრდა წელს. მუდმივად გვაბრალებდნენ, რომ წინა ხელისუფლება გვმფარველობდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ წელს ყველა კომპანია უკან წავიდა და ზედაზენს აქვს ზრდა", - განაცხადა ცეზარ ჩოჩელმა.

მან კომპანია მიქსორის მიერ შპალების ქარხნის შეძენის პერიოდზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქარხანა, რომელიც შპს-მ შეიძინა, განადგურებული იყო და არაფერს წარმოადგენდა.

"შპალების ქარხანა შეძენილია ღია აუქციონზე, დანარჩენი ყველაფერი, რაც იქ გაკეთდა, ჩვენი შექმნილია. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, გადაღებულია თუ რას წარმოადგენდა ეს ქარხანა შეძენის პერიოდში. როგორც მახსოვს ქარხანა დაახლოებით 7 მილიონად შევიძინე და მასში განხორციელდა 10 მილიონის ინვესტიცია. შეძენის დროს ქარხანაში ხელფასი საშუალოდ 250 ლარს შეადგენდა, ხოლო სანამ დახურავდნენ, საშუალო ხელფასის ოდენობა 1 250 ლარი იყო. შპალების ქარხანა არჩევნების შემდეგ აღარ მუშაობს", - განაცხადა ჩოჩელმა და აღნიშნა, რომ ე.წ. შპალების საქმეზე ის საგამოძიებო სამსახურში ბრალის წაყენებამდე ორჯერ დაკითხეს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით გიორგაძე.

კომენტარები