ჰამარბერგის განცხადება

კვირის ბოლოს თომას ჰამარბერგის ანგარიში გამოქვეყნდება

სამართლებრივ საკითხებში საქართველოს მთავრობის კონსულტანტი, თომას ჰამარბერგი დღეს მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და განაცხადა, რომ კვირის ბოლოს საქართველოში არსებულ ვითარებაზე ანგარიშს გამოაქვეყნებს.

ჰამარბერგის თქმით, დღეს საქართველოში 77 ათასი ბავშვი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს, განათლების სტანდარტები ძალიან დაბალია და მისი რეკომენდაციაა, სოციალური თემები მთავრობის პრიორიტეტი გახდეს.  

"ანგარიშში საუბარია ძირითად პრობლემებზე, რომელიც არსებობს ქვეყანაში. გაიგებთ ჩემს მოსაზრებას იმაზე, თუ როგორ ხორციელდება კანონის აღსრულება, რა ვითარებაა ციხეებში, როგორ მიმდინარეობს ცალკეული ინსტიტუტების მშენებლობა, რა პირობები აქვთ ადამიანებს საკუთარი აზრის გამოსახატად, რა ვითარებაა სოციალურ სფეროში", - განაცხადა თომას ჰამერბერგმა.
ჰამერბერგის შეფასებით, ქვეყანაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება.
"მემკვიდრეობა, რაც საქართველოს არსებულმა ხელისუფლებამ წინა მთავრობისგან მიიღო, სხვადასხვაგვარად შეიძლება შეფასდეს, თუმცა არსებობს სერიოზული რეკომენდაციები ამ კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მზადდება ჩემი ანგარიში. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება ქვეყანაში. როცა საქმე ეხება ადამიანის უფლებებს და ამ მიმართულებით კანონის აღსრულებას, ეს შეიძლება გარკვეული სირთულესთან იყოს დაკავშირებული, თუმცა ინერგება ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით გარკვეული სტანდარტი. ეს პროცესი არის რთული, თუმცა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით აუცილებელი", - აღნიშნა ჰამარბერგმა.

 

კომენტარები