ქვეყნის ბიუჯეტი

ზურაბ მელიქიშვილი: არჩევნების შემდეგ, ბიუჯეტი 400 მლნ-ით შემცირდება

parliament.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ზურაბ მელიქიშვილის ინფორმაციით, 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მთავრობა პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის ცვლილებით შევა. როგორც მელიქიშვილმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა, შემოსავლები შემცირებულია, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში დანაკლისია და საუბარია, რომ წინა თვის ანგარიშის მიხედვით, შემოსავლებში 350-მილიონიანი გარღვევაა. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ამის მთავარი მიზეზი გაჩერებული პროექტებია.

"ქვეყნები თვითონ იგონებდნენ პროექტებს, რომ ქვეყანა ეკონომიკური რეცესიიდან ამოეყვანათ და ბიზნესმენებისთვის მიმზიდველობა გაეზარდათ. რომელი ბიზნესმენი შემოვა, როდესაც ქვეყანა თვითონ ამბობს უარს სტრატეგიული პროექტების განხორციელებაზე", - განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ 27 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ერთი თვის განმავლობაში, საქართველოს მთავრობა პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის ცვლილებით შევა.

"ცვლილების მიხედვით, მთლიანი პარამეტრი 8 მილიარდ 600 მილიონიდან დაახლოებით 400 მილიონი ლარით შემცირდება. ვინ არის მართალი, ზუსტად ამის შემდეგ გაირკვევა", - დასძინა მან.

 

კომენტარები