სასჯელაღსრულების დაწესებულება

სასჯელაღსრულების სამინისტრო: ელისო კილაძეს მცდარი ინფორმაცია მიაწოდეს

სოზარ სუბარი

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო ჟურნალისტ ელისო კილაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მცდარს უწოდებს. სამინისტროს ინფორმაციით, კილაძის გამოქვეყნებული ფოტოებიდან არცერთი არ არის გადაღებული ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. უწყების განცხადებით, ორი ფოტოსურათი, სადაც ნაჩვენებია პატიმრის მოკვეთილი ხელი, გადაღებულია ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 2012 წლის ივლისში.

"ხელი ეკუთვნის პაციენტ ნოდარ რ.-ს რომელიც არასოდეს ყოფილა პატიმარი. რაც შეეხება დანარჩენ ფოტოებს, სადაც ასახულია პატიმართა რენტგენის სურათები, საიდანაც ირკვევა, რა გზით შეაქვთ პირებს აკრძალული საგნები ციხეში, ეს ფოტოები სასჯელაღსრულების სამინისტრომ საზოგადოებას უკვე წარუდგინა. ამ ფაქტიდან დასტურდება სამინისტროს ინფორმაცია, რომ ნამდვილად არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ სისტემის დისკრედიტაციას და, როგორც ჩანს, სწორედ მათ მიაწოდეს ქალბატონ ელისო კილაძეს მცდარი ინფორმაცია. ინფორმაციისთვის დამაჯერებლობის ელფერის მისაცემად კი თან დაურთეს ის ფოტოები, რომლებიც გუშინ თავად გაავრცელა სამინისტრომ", - აცხადებს უწყება. 

ცნობისთვის, ქრონიკა პლუსის რედაქტორი ელისო კილაძე სავარაუდოდ ციხის მაყურებლის მიერ პატიმრისათვის ხელის მოჭრის ფაქტზე საუბრობს. დღევანდელ პრესკონფერენციაზე ელისო კილაძემ პატიმრების რენტგენის რამდენიმე ფოტო წარმოადგინა. ასევე, ფოტოები, რომელზეც ჩანს მტევანში მოკვეთილი მარჯვენა ხელი. ელისო კილაძის თქმით, ეს ფოტო, სავარაუდოდ, ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაღებულია. მან არ დაასახელა პირი, ვინც აღნიშნული ფოტო გადასცა. ელისო კილაძის განცხადებით, პატიმარს მარჯვენა ხელი მაჯაში ციხეში მოაჭრეს. კილაძის ინფორმაციით, მისთვის ცნობილია, რომ ამ პატიმარს ხელის მტევნის ამპუტაცია ჩაუტარდა ერთ-ერთ სამოქალაქო საავადმყოფოში. როგორც კილაძე აცხადებს, მან რამდენიმე სამოქალაქო საავადმყოფოს მიმართა ინფორმაციის მისაღებად, თუმცა აღნიშნული საკითხი ვერ გაარკვია. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა სამინისტროში მინისტრმა სოზარ სუბარმა სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან ამოღებული ნივთები ჟურნალისტებს წარუდგინა. მისი თქმით, პირველი ოქტომბრიდან დღემდე ხელნაკეთი დანები, მობილური ტელეფონები, ციხეში დამზადებული ალკოჰოლური სასმელები, ე.წ. ბრაგა - კუსტარულად დამზადებული ტატუს აპარატი, ხელნაკეთი მადუღარები, კუსტარულად დამზადებული ბანქო და სხვა ნივთები ამოიღეს.

კომენტარები