საზოგადოებრივი მაუწყებელი

ნორლანდი: საზოგადოებრივ მაუწყებელში დამაბნეველი სიტუაციაა

აშშ-ის საელჩო საქართველოში

ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს. მისი აზრით, მაუწყებელში მიმდინარე პროცესები დამაბნეველია.

"როგორც სხვადასხვა ჯგუფმა თქვა, მაგალითად, NDI-მ და ასევე გასულ კვირას ამერიკის დელეგაციამ თომას მელიას ხელმძღვანელობით, საქართველოში მედია უკვე ერთი წელია უფრო ცოცხალი და პლურალისტულია.  ვფიქრობთ, პოლიტიკოსები დარწმუნებულები არიან იმაში, რომ შეუძლიათ, თავიანთი გზავნილები საჯაროდ გაავრცელონჩვენ ვაკვირდებით საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს, და გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ იქ სიტუაცია დამაბნეველია. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ პოლიტიკურ დებატებს და მეტ შესაძლებლობას, რომ პოლიტიკოსებმა თავიანთი შეხედულებები გამოხატონ", - ამბობს რიჩარდ ნორლანდი.

უკანასკნელი ინფორმაციის თანახმად, საზოგადოებრივ მაუწყებელში ეკა კვესიტაძისა და დავით პაიჭაძის გადაცემები დახურეს. პაიჭაძემ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, განცხადებაც გაავრცელა.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის
სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს
ბატონ ემზარ გოგუაძეს
ამავე მაუწყებლის წამყვანების
ეკა კვესიტაძისა და დავით პაიჭაძის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
ბატონო ემზარ, მოგმართავთ, რათა სამეურვეო საბჭოს უახლოეს სხდომაზე, პარასკევს, 20 სექტემბერს, უზრუნველყოთ ჩვენი დასწრება და შეხვედრა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან, თამაზ ტყემალაძესთან. აღნიშნული მოთხოვნა განპირობებულია შემდეგი მიზეზით: ჩვენს გადაცემებთან („აქცენტები“ და „დიალოგი დავით პაიჭაძესთან“) დაკავშირებული გაურკვევლობა რამდენიმე კვირაა გრძელდება. მაუწყებლის ხელმძღვანელობა პერიოდულად, სხვადასხვა მედია საშუალებასთან საუბრისას ავრცელებს ინფორმაციას ხსენებული ორი გადაცემის შესახებ და ამავე დროს არ გვხვდება გადაცემის ავტორებს სამომავლო განზრახვებზე, შეთავაზებებსა თუ გადაწყვეტილებებზე სალაპარაკოდ. გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ კვესიტაძე და პაიჭაძე მიუკერძებლად ვერ შეძლებენ გადაცემათა წაყვანას და ამ მიდგომას საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას ჩვენი გადაცემების დახურვის შესახებ. გთხოვთ, ხელი შეუწყოთ ჩვენს შეხვედრას, რათა საჯაროდ წარმოჩინდეს ის არგუმენტები და შეკითხვები, რაც ჩვენ გვაქვს ბატონ ტყემალაძესთან.

მანამდე სამეურვეო საბჭომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორს გიორგი ბარათაშვილს უნდობლობა მეორედ გამოუცხადა და თანამდებობიდან გადააყენა. საბჭოს წევრის გიორგი მელაძის განმარტებით, ბოლო 3 თვეა, უშედეგოდ ცდილობენ მენეჯმენტისგან გაიგონ სამომავლო გეგმები ფინანსურ და პროგრამულ საკითხებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში ვერ მოხერხდა ნორმალური სამუშაო ვითარების შექმნა.

ამჟამად, საზოგადოებრივი მაუწყებელში გენერალური დირექტორის მოვალეობას თამაზ ტყემალაძე ასრულებს.

 

კომენტარები