ბომბის შესახებ შეტყობინება

შსს-მ ცრუ შეტყობინების კიდევ ერთი ავტორი დააკავა

შსს-ს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-2 განყოფილების და ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა რუსთავი 2-ის შენობაში ნაღმის არსებობის შესახებ მორიგი ცრუ შეტყობინების ავტორის ვინაობა დაადგინეს. ყვარელში მცხოვრები, 1976 წელს დაბადებული ლევან ლ. უკვე დაკავებულია. გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ–ის 331-ე მუხლის 1–ლი ნაწილით). დანაშაული სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში შეტყობინება გუშინ გვიან ღამე, 02:30 საათზე შევიდა. ანონიმური ზარის ავტორმა ცენტრის ოპერატორს რუსთავი 2-ის შენობაში ნაღმის არსებობის შესახებ შეატყობინა. გამნაღმველების რამდენიმესაათიანი მუშაობის შედეგად დადგინდა, რომ შეტყობინება ცრუ იყო. შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა.

ცრუ შეტყობინების გამო რუსთავი 2-ში შემოწმება უკვე მეოთხედ ჩატარდა. გუშინვე, 112-ში ორჯერ დარეკეს მაესტროში ბომბის არსებობის შესახებ. ბოლო დრეების მანძილზე, ევაკუაცია რამდენჯერმე გამოცხადდა ტელეკომპანია იმედში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და საქართველოს პარლამენტში.

ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების გახშირებული შემთხვევების გამო, სისხლის სამართლის კოდექსში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება დაისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოთი, ერთიდან ორ წლამდე ვადით ან ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. თუკი აღნიშნული ქმედება დამამძიმებელ გარემოებებში იქნება ჩადენილი, სანქცია თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან შვიდ წლამდე განისაზღვრება.

კომენტარები