ბომბის შესახებ შეტყობინება

მაესტრო-ში ბომბის არსებობის შესახებ, ორივეჯერ არასრულწლოვნებმა დარეკეს

Police.ge

ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ 112-ზე შესული ანონიმური შეტყობინების გამო ტელეკომპანია რუსთავი 2-ში წუხელ კიდევ ერთი შემოწმება ჩატარდა. არხის საინფორმაციო სამსახურის ცნობით, ტელეკომპანიაში გამნაღმველები და კრიმინალისტთა ჯგუფი 03:00 საათზე მივიდა. რუსთავი 2-ში ბომბის არსებობის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ზედიზედ სამი ზარი შევიდა.

"მოვიდა პოლიცია, ისევ მოვახდინეთ შენობის ევაკუაცია იმ ადამიანებისგან, ვინც ტელეკომპანიაში იმყოფებოდნენ. ჩატარდა შემოწმება, თუმცა საგანგაშო არაფერია – ნაღმი ისევ არ აღმოჩნდა", - აცხადებს რუსთავი 2-ის დაცვის სამსახურის უფროსი თემურ კოვზიაშვილი.

ცრუ შეტყობინების გამო რუსთავი 2-ში შემოწმება უკვე მეოთხედ ჩატარდა. გუშინ განმაღმველები ტელეკომპანია მაესტროშიც იმყოფებოდნენ. შსს-მ მაესტროში ბომბის არსებობის შესახებ განხორციელებული ორივე ცრუ შეტყობინების ავტორი გამოავლინა. უწყების ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი, ხობში მცხოვრები, 1997 წელს დაბადებული თამარ მ, უკვე დააკავეს, ხოლო მეორე ცრუ შეტყობინების ავტორი - თბილისში მცხოვრები, 2003 წელს დაბადებული საბა მ-ა.

"ორივე შეტყობინების მიღებისთანავე, ტელეკომპანიის შენობასთან შსს-ს შესაბამისი სამსახურები გამოცხადდნენ და შენობიდან მოქალაქეების ევაკუაცია ორჯერ განახორციელეს. ჩატარებული განაღმვითი სამუშაოების შედეგად, არც ერთი ფაქტის დროს შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა", - აცხადებენ სამინისტროში. მათივე ცნობით, დაკავებული თამარ მ. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, იგი მიეცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში, როგორც 14 წელს მიღწეული პირი.

"რაც შეეხება 2003 წელს დაბადებულ საბა მ-ს, ის სამართალდამცველებმა პოლიციის განყოფილებაში მშობლებთან ერთად დაკითხეს და სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს. გამოძიება ორივე ფაქტზე ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობის ბრალდებით საქართველოს სსსკ-ის 331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიებას დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს 1-ლი განყოფილება აწარმოებს", - აღნიშნავენ შსს-ში.

ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების გახშირებული შემთხვევების გამო, სისხლის სამართლის კოდექსში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება დაისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოთი, ერთიდან ორ წლამდე ვადით ან ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. თუკი აღნიშნული ქმედება დამამძიმებელ გარემოებებში იქნება ჩადენილი, სანქცია თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან შვიდ წლამდე განისაზღვრება.

კომენტარები