ომბუდსმენი: რობაქიძის საქმეზე ბრალდებულის და შსს-დან უკანონოდ გაათავისუფლეს

facebook.com/UchaNanuashvili

სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებიდან ირინა ფირცხალავას გათავისუფლების კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველს 2013 წლის 1 აპრილს განცხადებით მიმართა ირინა ფირცხალავამ საქართველოს შს სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-10 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობიდან მისი გათავისუფლების კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით. ირინა ფირცხალავას განცხადებით, იგი თანამდებობიდან მისი ძმის - ირაკლი ფირცხალავას პოლიტიკური აქტივობის გამო გაათავისუფლეს.

საქმის შესწავლის შედეგად, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ირინა ფირცხალავას თანამდებობიდან გათავისუფლებისას არ იყო დაცული კანონმდებლობის ნორმები.
დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ირინა ფირცხალავა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან 2011 წლის 6 ოქტომბერს გენერალური ინსპექციის უფროსის დასკვნის საფუძველზე დაითხოვეს. დასკვნაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად, მისი უშუალო უფროსის არაერთგზის სიტყვიერი გაფრთხილებისა, ირინა ფირცხალავა სამსახურებრივ მოვალეობებს ასრულებს არაჯეროვნად, ხშირად აცდენს სამსახურს და არღვევს დეტექტივის ფორმის ტარების წესს. აღსანიშნავია, რომ პოლიციის უფროსი ლეიტენანტის ირინა ფირცხალავას სამსახურის გავლის ნუსხის მიხედვით, იგი მრავალჯერ არის წახალისებული და არ აქვს დაკისრებული არცერთი დისციპლინური სახდელი.

ნიშანდობლივია, რომ ისანი-სამგორის სამმართველომ სახალხო დამცველს არ მოაწოდა გენერალური ინსპექციის დასკვნაში აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტაციის ასლები. საქმეში არ ინახება არც დიციპლინური გადაცდომის ამსახველი დასკვნა.

შსს-ს გენერალური ინსპექციის დასკვნა და შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის ბრძანება ირინა ფირცხალავას დათხოვნის შესახებ, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

საქართველოს შს სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა წინამდებარე შემთხვევაში არ გამოიკვლიეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, საქმეში არ მოიპოვება არცერთი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა ირინა ფირცხალავას მიერ გადაცდომის ჩადენის ფაქტს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, "ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები". მოცემულ შემთხვევაში, ირინა ფირცხალავას მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება უნდა მომხდარიყო ყველა არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებისა და ფაქტის შესწავლის შედეგად და გადაწყვეტილების შესაბამის დასაბუთებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახვით.

შესაბამისად, შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსისა და თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისას არსებითად დაირღვა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რაც წარმოშობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობის საფუძველს.

შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის ბრძანება შინაგან საქმეთა ორგანოებიდან ირინა ფირცხალავას დათხოვნის შესახებ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს და არღვევს განმცხადებლის უფლებებს.

რობაქიძის საქმე

შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს ყოფილ უფროსს ირაკლი ფირცხალავას პროკურატურამ ბრალი 2013 წელს წაუყენა თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყანებისათვის, ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღრსების შეურაცხყოფით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და მესამე ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილამდე მდგომარეობით), 236-ე მუხლის პირველი ნაწილით და მეოთხე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (2006 წლის 26 აპრილამდე მდგომარეობით).

ამავე საქმეზე ფირცხალავას გარდა ბრალდებულები არიან გურამ დონაძე და შსს-ს რამდენიმე ყოფილი თანამშრომელი. პროკურატურის განცხადებით, 2006 წლის 15 აგვისტოს თბილისის პროკურატურაში  დაიწყო გამოძიება ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე მტკიცებულებათა გაყალბების ფაქტზე, თუმცა, საქმის გამოძიება წლების განმავლობაში არ დასრულებულა. 2012 წლის 12 ნოემბერს გამოძიება განახლდა. დადგინდა, რომ ამ  შემთხვევის გამოძიება მიკერძოებული და არაობიექტური იყო. გამოძიება ცდილობდა არა რეალური სურათის დადგენას, არამედ არსებული ხელისუფლების სურვილის დაკმაყოფილებას, რათა არ მომხდარიყო საპატრულო პოლიციის იმიჯის შელახვა. შსს-ს მაღალჩინოსნმებმა მოახდინეს მტკიცებულებების ფალსიფიცირება.

თავდაპირველი გამოძიების ინფორმაციით, საპატრულო ეკიპაჟმა 2004  წლის ნოემბერში წერეთლის გამზირზე გააჩერა ავტომობილი, რომელშიც ისხდა ბუტა რობაქიძე მეგობრებთან ერთად და აღნიშნული პირები იყვნენ შეიარაღებულები, რის გამოც პოლიციელმა ბაშალეიშვილმა გაისროლა და იმსხვერპლა ბუტა რობაქიძე. 2012 წელს განახლებული გამოძიების მიხედვით კი, აღნიშნულ პირებს იარაღი არ ჰქონდათ და ის პოლიციელებმა შემდეგ  მიიტანეს შემთხვევის ადგილზე.

გურამ დონაძე, ირაკლი ფირცხალავა და სხვა ბრალდებულები განახლებული გამოძიების ვერსიას არ ეთანხმებიან, მას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ და საკუთარი სიმართლის დამტკიცებას სასამართლოში აპირებენ.

 

კომენტარები