ბომბის შესახებ შეტყობინება

შსს-მ ცრუ შეტყობინებების ავტორები დაადგინა

RFE/RL

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცრუ შეტყობინებების ავტორები დააკავა. უწყების ინფორმაციით, გამოვლენილია, როგორც პარლამენტის შენობაში ნაღმის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინების ავტორი, ისე პროკრედიტ ბანკთან დაკავშირებით ცრუ შეტყობინების ავტორი.

"შსს-ს იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში შესული ცრუ შეტყობინების ავტორი გამოავლინეს. ანონიმური სატელეფონო ზარის ავტორი, რომელიც ბომბის არსებობას ქუთაისში მდებარე საქართველოს პარლამენტის შენობაში იტყობინებოდა, აბაშაში მცხოვრები 1994 წელს დაბადებული ოთარ ჯ. აღმოჩნდა. მან 112-ში ცრუ შეტყობინება 16 სექტემბერს, 14:38 საათზე განახორციელა. შეტყობინებისთანავე საკანონმდებლო ორგანოში შსს-ს შესაბამისი სამსახურები გამოცხადდნენ, რომლებმაც შენობაში მყოფი მოქალაქეები ევაკუაცია განახორციელეს. ჩატარებული განაღმვითი სამუშაოების შედეგად შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა. გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობის ფაქტზე დაიწყო სსსკ-ის 331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს", - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რაც შეეხება პროკრედიტ ბანკთან დაკავშირებით განხორციელებული ცრუ შეტყობინების ავტორს, უწყების ცნობით, 112-ში 1967 წელს დაბადებულმა ნოდარ ა-მ დარეკა. ის ცრუ შეტყობინების ბრალდებით უკვე დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში დარეკა და ხაშურში პროკრედიტ ბანკში ნაღმის არსებობის შესახებ აცნობა. სამართალდამცველები შეტყობინებისთანავე გამოცხადდნენ ადგილზე. შესაბამისი წესების დაცვით შსს-ს გამნაღმველთა სამსახურმა და კინოლოგებმა იმუშავეს, რის შედეგადაც გაირკვა, რომ განგაში ცრუ იყო და შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა არ დადასტურდა. სამართალდამცველებმა ცრუ შეტყობინების ავტორის ვინაობა დაადგინეს და ზარის განხორციელებიდან რამდენიმე საათში დააკავეს. გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე სსსკ-ის 331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - განმარტავენ შსს-ში.

გარდა ამისა, უწყების ინფორმაციით, პირი, რომელმაც ტელეკომპანია რუსთავი 2-სა და იმედის შენობაში ბომბის არსებობის შესახებ შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის ოპერატორს მიაწოდა ინფორმაცია - ასპინძაში მცხოვრები არასრულწლოვანი, 2004 წელს დაბადებული მილერ ბ. აღმოჩნდა. სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვანმა 112-ში ზარი 10 წუთის ინტერვალით ორჯერ განახორციელა. 

"შეტყობინებისთანავე შსს-ს შესაბამისი სამსახურები ორივე ტელეკომპანიის შენობებთან გამოცხადდნენ. გამნაღმველების მუშაობის შედეგად დადგინდა, რომ შეტყობინება ცრუ იყო, ასაფეთქებელი მოწყობილობა არც ერთ შენობაში არ აღმოჩნდა. ამასთან, უკვე დაწყებულია გამოძიება, რომელიც ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით)", - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ ბომბს რამდენიმე შენობაში ეძებდნენ. 112-ში შესული ზარების მიხედვით, ასაფეთქებელი მოწყობილობა უნდა ყოფილიყო პარლამენტში, ტელეკომპანია იმედში, რუსთავი 2-სა და პროკრედიტ ბანკის ხაშურის ფილიალში. 

 

კომენტარები