საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები

უზნაძე: ბიჭებს ევროპის ჩემპიონატის დროინდელი პრემიებიც არ მიუღიათ

ირაკლი უზნაძე
igf.ge

საქართველოს ძუდოისტთა ნაკრებმა, ახლახან მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდურ პირველობაში, ოქროს მედლები მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენებმა ფინალში რუსეთის გუნდი დაამარცხეს. იქამდე, 25-28 აპრილს, ბუდაპეშტში ევროპის ჩემპიონატი გაიმართა, სადაც ქართველმა ძიუდოისტებმა ასევე წარმატებით იასპარეზეს და კვლავ ჩემპიონები გახდნენ. sportall.ambebi.ge ავრცელებს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის კომენტარს, რომლიდანაც ირკვევა, რომ ძიუდოისტებს, არათუ მსოფლიოს, არამედ ევროპის ჩემპიონობის კუთვნილი პრემიაც კი არ მიუღიათ.

"ალბათ, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, რასაც ბიჭები გაგებით ეკიდებიან, მაგრამ ევროპის პირველობისთვის არაერთხელ შეპირებული, ახალი პროგრამიდან გამომდინარე, პრემიები ახლაც არ აქვთ აღებული, რაც ნამდვილად არ არის სახარბიელო საქმე", - განაცხადა ირაკლი უზნაძემ.

ნაკრების მწვრთნელმა ასევე გაახმაურა, რომ ნაკრებში ისეთი ძიუდოისტებიც ირიცხებიან, ვინც ხელფასს საერთოდ ვერ იღებს.

"რაც შეეხება სპორტსმენების ხელფასებს, ყველა განსხვავებულ ხელფასს იღებს შედეგიდან გამომდინარე. გვყავს ისეთი ძიუდოისტები ნაკრებში, რომლებიც ხელფასს საერთოდ ვერ იღებენ, რაც აუცილებლად გამოსასწორებელია", - განაცხადა ირაკლი უზნაძემ.

 

კომენტარები