ოკუპირებული ტერიტორიები

პაატა დავითაია: სოხუმში საელჩოს მშენებლობისთვის რუსეთი 35 მილიონს ხარჯავს

RFE/RL

ევროპელი დემოკრატების ლიდერის პაატა დავითაიას ინფორმაციით, სოხუმში საელჩოს მშენებლობისთვის რუსეთის ფედერაციის ფედერალურმა ბიუჯეტმა 35 მილიონი დოლარი გამოყო. მისი შეფასებით, ეს არის კოლოსალური თანხა ამ მიმართულებით. დავითაიას თქმითვე, ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ ამ მშენებლობასთან დაკავშირებული თანხების განაწილებას შეეწირა დიპლომატი, რომელიც რამდენიმე დღის წინ სოხუმში მოკლეს.

"მაგრამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: რუსეთის ფედერაცია მარტო საელჩოს მშენებლობაზე ხარჯავს იმხელა თანხას, რომელიც სოხუმის რეაბილიტაციისთვისაც კი საკმარისია", - ამბობს დავითაია და საქართველოს პრემიერს და მთავრობას მიმართავს.

"როდესაც აკეთებენ განცხადებას, რომ ისინი აკვირდებიან ევრაზიული კავშირის თემას და ევრაზიული კავშირის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, მინდა ვუთხრა მათ, ჯობს დააკვირდნენ იმას, თუ როგორ ხარჯავს მეზობელი ქვეყანა 35 მილიონ დოლარს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მხოლოდ იმისათვის, რომ თავისი წარმომადგენლობა გახსნას. ეს ღიად მიანიშნებს იმისკენ, რომ არანაირი დათმობა არ იქნება მათი მხრიდან. ამიტომ საქართველოს მთავრობას მოვუწოდებ - ეს საკითხი განსახილველ თემად გამოიტანოს, რათა მთელმა მსოფლიომ გაიგოს თუ რა თანხების დაბანდებაზეა საუბარი ოკუპირებულ ტერიტორიაზე", - აცხადებს დავითაია.

კომენტარები