დაკავება ბათუმში

ბათუმში გუშინდელი სროლების შემდეგ სამი ადამიანია დაკავებული

ecofact.com

გუშინ ბათუმში, ლერმონტოვისა და პუშკინის ქუჩების გადაკვეთაში პოლიციასა და ჩეჩენ არალეგალს შორის შეტაკება მოხდა. ორმხრივი სროლის შემდეგ პოლიციელი და ჩეჩენი პიროვნება დაიჭრნენ. ასევე დაშავდა გამვლელი, რომელსაც ბრმა ტყვია მუცლის არეში მოხვდა.

 ინციდენტთან დაკავშირებით შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა კომენტარი გააკეთა: "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებს ჰქონდათ ოპერატიული ინფორმაცია, რომ პიროვნება საქართველოში არალეგალურად იყო შემოსული. გადამოწმების მიზნით ის სამართალდამცველებმა შეაჩერეს და საბუთები მოსთხოვეს, რომლის დროსაც აღნიშნულმა პირმა ხელჩანთიდან ამოიღო იარაღი და პოლიციელის მისამართით მოახდინა რამდენიმე გასროლა. გასროლის შედეგად დაიჭრა პოლიციელი და გამვლელი მოქალაქე. პოლიციამ გახსნა საპასუხო ცეცხლი თავდამსხმელის მისამართით. თავდამსხმელი დაჭრილია, იგი დაკავებულია თავის ორ თანმხლებ პირთან ერთად. დაჭრილები მოთავსებული არიან საავადმყოფოში და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სხვა დეტალებს საზოგადოებას მოგვიანებით ვაცნობებთ".

 ჩეჩენი პიროვნება ბათუმში მოჭიდავე ფირუზ წულუკიძესა და მის მწვრთნელ თემურ ბახუნდარიძესთან ერთად იმყოფებოდა. ისინი მანქანით მოძრაობდნენ, როდესაც პოლიციის თანამშრომლებმა შემოწმების მიზნით საბუთების წარდგენა მოსთხოვეს, რა დროსაც ჩეჩენმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა. ფირუზ წულუკიძე და თემურ ბახუნდარიძე დაკავებული არიან. 

მოჭიდავე ფირუზ წულუკიძე ევროპის ჩემპიონია, თუმცა წელს, როგორც თავად აცხადებდა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე, მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრების უფლება სამართალდამცველებმა არ მისცეს. მისი განცხადებით ამის მიზეზი, მისი მუსლიმობა გახდა. 
ფირუზ წულუკიძე რელიგიური ნიშნით დისკრედიტაციაზე საუბრობდა და ბრალდებებს შინაგან საქმეთა სამინისტროს უყენებდა: "ვემზადებოდით მსოფლიო ჩემპიონატისათვის. 10 აგვისტოს, ბულგარეთში უნდა გავფრენილიყავით. მივედით აეროპორტში, ბარგი ჩავაბარეთ, ჩასხდომის დროს მივაწოდე პასპორტი, ერთი საათი მალოდინეს. მოვიდა პოლიციელი და მითხრა, რომ საზღვარზე ვერ გავიდოდი, მიზეზი ასეთი იყო, რომ საქართველოსთვის საშიშ პიროვნებებთან გაქვთ ურთიერთობაო", - განაცხადა ფირუზ წულუკიძემ თბილისში 21 აგვისტოს გამართული პრესკონფერენციის დროს.

 

კომენტარები