ევროპარლამენტი

ევროპარლამენტმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე რუსეთის ზეწოლა დაგმო

ევროპარლამენტი
JLogan / wikipedia

რუსეთმა პატივი უნდა სცეს ევროკავშირის მეზობელი სახელმწიფოების არჩევანის უფლებას, გააფორმონ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება. ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის მიერ დღეს, 12 სექტემბერს მიღებულ რეზოლუციაში. დოკუმენტში, კერძოდ, აღნიშნულია, რომ რუსეთმა თავი უნდა შეიკავოს ზეწოლისგან, რასაც ადგილი ბოლო პერიოდში ჰქონდა. მაგალითად, სავაჭრო სანქციებს უკრაინისა და მოლდოვის მიმართ, ასევე მუქარებს სომხეთის მისამართით, რათა მათ უარი ეთქვათ ნოემბერში, ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებების ხელმოწერასა ან პარაფირებაზე.

ევროპარლამენტის დეპუტატები გმობენ ზეწოლას, რომელსაც რუსეთი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებზე ახორციელებს და მოუწოდებენ მას, პატივი სცეს დამოუკიდებელი ქვეყნების სუვერენიტეტს და არ ჩაერიოს მათ შიდა საქმეებში, როგორც ამას საერთაშორისო სამართალი მოითხოვს. "აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს აქვთ უფლება, პარტნიორებთან ურთიერთობა საკუთარი არჩევანის შესაბამისად დაამყარონ", - ნათქვამია რეზოლუციაში.

დოკუმენტი კატეგორიულად გმობს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობა აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრ ქვეყნებთან არის "თამაში ნულოვანი ჯამით". რეგიონში არსებული გაყინული კონფლიქტების საკუთარი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესებისათვის გამოყენების ნაცვლად, რუსეთმა უნდა ითანამშრომლოს და კონსტრუქციულად შეუწყოს ხელი რეგიონში ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტაბილურობას, ნათქვამია დოკუმენტში.

ევროპარლამენტის წევრებმა ასევე მოუწოდეს აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს, გააგრძელონ მზადება ვილნიუსის სამიტისთვის და არ დაემორჩილონ ზეწოლას რუსეთის მხრიდან. დეპუტატები ადასტურებენ, რომ მტკიცედ უჭერენ მხარს სამიტზე შეთანხმებების გაფორმებას იმ ქვეყნებთან, რომლებიც ამისთვის მზად არიან.

რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა საკუთარ თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დაცვაზე რუსეთის "ღია და მზარდი ზეწოლისგან". დეპუტატები ევროკომისიას და ევროკავშირის საბჭოს სთხოვენ, მიიღონ "კონკრეტული და ეფექტური ზომები" პარტნიორი ქვეყნების ევროპული მისწრაფებებისა და არჩევანის მხარდასაჭერად.

ნოემბერში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტზე, საქართველო, სომხეთი და მოლდოვა ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთახმებების პარაფირებას, უკრინა კი ხელმოწერას გეგმავდნენ. თუმცა, რუსეთმა ცოტა ხნის წინ სავაჭრო სანქციები შემოიღო უკრაინული და მოლდოვური პროდუქციის წინააღმდეგ, რასაც ევროპარლამენტარები პოლიტიკურ ზეწოლად აფასებენ. სომხეთმა კი განაცხადა, რომ საბაჟო კავშირში გაწევრიანებას აპირებს, რაც ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობას გამორიცხავს. ევროპარლამენტარების აზრით, ეს გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან "უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მუქარების" შედეგია.

კომენტარები