ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები

შეთანხმება შედგა - ამხანაგობების თავმჯდომარეები პენსიას მიიღებენ

ტაბულა

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს პენსია და სოციალური დახმარება აღარ შეუწყდებათ. აღნიშნულზე დედაქალაქის მერი და სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი ნოე ქინქლაძე შეთანხმდნენ. გიგი უგულავას განცხადებით, ამ მომენტისათვის პრობლემა ამოწურულია.

"მათ, ვისაც შუწყდათ პენსია იმის გამო, რომ არჩეული იყო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარედ, სააგენტო აღუდგენთ პენსიას განაცდურის გარეშე, ანუ სექტემბერში ისინი პენსიას მიიღებენ. სამომავლოდ გადავწყვეტთ, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ახალი წესი შემუშავდეს. იგი დამტკიცდება საკრებულოში. ამაზე მუშაობა უკვე მიდის, ხაზგასმით ჩაიწერება, რომ ამ მიმართულებით მიღებული წახალისება არ შეიძლება იყოს განხილული როგორც საბიუჯეტო ორგანიზაციაში განხორციელებული საქმიანობა და, შესაბამისად, შემდეგ აღარავის ექნება იმის ცდუნება, კანონი სხვაგვარად წაიკითხოს და ადამიანს კუთვნილი პენსია მოუხსნას. იურიდიული გამოსავალი მოძებნილია. არცერთი ადამიანის უფლება, მიიღოს საკუთარი პენსია, არ იქნება შეზღუდული", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. მისივე განცხადებით, აწარმოებენ მკაცრ მონიტორინგს და ადვოკატირებას გაუწევენ ყველა იმ ამხანაგობის თავმჯდომარეს, ვისაც პენსიის ან სოციალური დახმარების აღდგენაზე განაცხადი აქვს გაკეთებული. უგულავას ინფორმაციით, გამგეობებში ასეთი 20-მდე განაცხადია შესული.

თავის მხრივ, სოციალური მომსახურების სააგენტოს თავმჯდომარემ ნოე ქინქლაძემ ამხანაგობების იმ თავმჯდომარეებს, რომელთაც შეუწყდათ პენსია ან სოციალური დახამარება, მოუწოდა, მიმართონ სააგენტოს.

გარდა ამისა, თბილისის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება-თბილისელების თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ე.წ. წახალისების პოლიტიკის ალტერნატიულ ვარიანტს განიხილავს. როგორც ზუმბაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 26 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის წესში გაჩნდა ჩანაწერი, რის მიხედვითაც, ამხანაგობის თავმჯდომარეების საქმიანობა თბილისის ბიუჯეტიდან აღარ ანაზღაურდება.

"ჩვენი წინადადებაა, ყველა ამხანაგობამ შექმნას საკუთარი ფონდი. შეუძლიათ დააწესონ ამხანაგობის მინიმალური საწევრო და იმ შემთხვევაში, თუკი თვითმმართველობა გადაწყვეტს ამხანაგობების დახმარებას საორგანიზაციო საკითხებისთვის, ეს თანხა უნდა იყოს ჩარიცხული არა ამხანაგობის თავმჯდომარის პირად ანგარიშზე, არამედ ამხანაგობის საერთო ანგარიშზე, რათა თავად ამხანაგობამ გადაწყვიტოს, რაში გამოიყენოს ეს თანხა. ამ შემთხვევაში გაიზრდება, როგორც ამხანაგობის თავმჯდომარის, ისე ამხანაგობის წევრების ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა", - განაცხადა ზუმბაძემ. მისივე თქმით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოადგენს იმ ტიპის გაერთიანებას, რომელმაც ორგანიზება უნდა გაუწიოს ბინათმესაკუთრეების საერთო ქონების ექსპლუატაციას, მის მოვლა-პატრონობას და განვითარებას. ამ მიზნით იქმნება ამხანაგობები და ირჩევა თავმჯდომარეები.

"ამხანაგობის თავმჯდომარის საქმიანობის ანაზღაურება თუ ე.წ. წახალისება, მიგვაჩნია, რომ ეწინააღმდეგება კანონს და თავად ამხანაგობის არსს", - აღნიშნა ზუმბაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინდელ ბრიფინგზე თბილისის მერმა გიგი უგულავამ "დრაკონული" უწოდა სოციალური სუბსიდიების სააგენტოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს პენსია და სოციალური დახმარება მოეხსნათ. მისი თქმით, სააგენტომ ამხანაგობების თავმჯდომარეები საჯარო მოხელეებად განიხილა.

 

კომენტარები