ოკუპირებული ტერიტორიები

ბიძინა ივანიშვილი: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს დაუბრუნდება

ბიძინა ივანიშვილი
ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ესტონურ ETV-სთან საუბარში თქვა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს ახლო მომავალში ვერ დაიბრუნებენ, თუმცა, ეს ტერიტორიები საქართველოს მაინც დაუბრუნდება. საამისოდ კი, პირველ რიგში, დემოკრატიული ინსტიტუციების შექმნისა და ეკონომიკური განვითარებისკენ ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა ქვეყანა აღნიშნული რეგიონებისთვის მიმზიდველი გახდეს.

"არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ აფხაზები და ოსები სრულიად განსხვავებული ერები არიან. საქართველოში უამრავი სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები ცხოვრობს. ამ ლოგიკით, საქართველო უამრავ მცირე ნაწილად უნდა დაიყოს", - თქვა ივანიშვილმა. 

ბიძინა ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთში პირადი კავშირები და ბიზნესი აღარ აქვს მას შემდეგ, რაც ქვეყანა დატოვა. 

"რაც შეეხება რუსეთთან ჩემს კავშირებს, მინდა განვაცხადო, რომ რუსეთში ბიზნესი აღარ მაქვს. ყველა ბიზნესი, რაც იქ მქონდა, გავყიდე და ისე დავტოვე ქვეყანა. პოლიტიკაში მოსვლის პირველივე დღეს განვაცხადე, რომ ერთგული ვარ და პირობას არ დავარღვევდი. ეს საკითხი აღარ არის აქტუალური. სააკაშვილი და მისი გუნდიც კი აღარ არის ამ შეკითხვით დაინტერესებული, რადგან იციან, რომ ასეთი ეჭვისთვის საფუძველი არ არსებობს", - თქვა ივანიშვილმა ETV-სთან საუბრისას. 

ბიძინა ივანიშვილმა ასევე თქვა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ომი აგრესია და რუსეთის მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედება იყო. 

"ეჭვგარეშეა, რომ ეს იყო აგრესია, რუსეთის მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედება, რისი შედეგიც საქართველოს ოკუპირება იყო. ამას არანაირი გამართლება არა აქვს, მაგრამ რომ არა სააკაშვილის უმეცრება, რომელმაც ომი გამოიწვია, შესაძლებელი იყო ამის თავიდან არიდება. მან მიუტევებელი შეცდომები დაუშვა, რომელმაც იმ შედეგამდე მიგვიყვანა, რაც მივიღეთ", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. 

პრემიერმინისტრმა ასევე თქვა, რომ ესტონეთი ერთ-ერთი იყო იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც ომის პერიოდში საქართველოს მხარი დაუჭირეს.

"მინდა ამ მეგობრობისთვის ესტონეთისადმი მადლიერება გამოვახატო. საქართველო დაამტკიცებს, რომ ის ევროპას ეკუთვნის და რომ ჩვენ ევროპელები ვართ. საქართველო გახდება ევროკავშირისა და NATO-ს წევრი. ეს ჩვენი სტრატეგიული არჩევანია, რომელიც ქართველმა ხალხმა გააკეთა და რომელიც არ შეიცვლება. რა კავშირიც და ასოციაციაც უნდა იყოს ეს, მათ შორის, ევრაზიული კავშირი, ეს არ გულისხმობს კონფლიქტს ევროკავშირთან, თუ ეს თანამშრომლობა სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნისა და ეკონომიკისთვის, ჩვენ ვითანამშრომლებთ მასთან", - აღნიშნა საქართველოს პრემიერმინისტრმა.

კომენტარები