რელიგიური უმცირესობები

თომას მელია: ჭელასა და სამთაწყაროში განვითარებული მოვლენები შემაშფოთებელია

ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში თომას მელიას შეფასებით, ჭელასა და სამთაწყაროში განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია. როგორც თომას მელიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თავისუფალ საზოგადოებებს აქვთ ამგვარი გამოწვევები, განსაკუთრებით კი პოსტსაბჭოთა სივრცეში.

"საბჭოთა კავშირის დროს რელიგიური ჯგუფები მუდმივად განიცდიდნენ ზეწოლას. ის, თუ როგორი დამოკიდებულება არსებობს რელიგიურ უმრავლესობასა და უმცირესობას შორის, ერთგვარი გამოწვევაა, თუმცა, მე დღეს იმედიანი საუბარი მქონდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან და იმედიანად ვარ განწყობილი საქართველოში რელიგიურ ჯგუფებს შორის დამოკიდებულების კუთხით მოვლენების განვითარების მიმართ", - აღნიშნა თომას მელიამ. მისივე თქმით, რელიგიური თავისუფლება ის საკვანძო საკითხია, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

ცნობისთვის, ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში პოლიციამ 26 აგვისტოს მეჩეთიდან მინარეთი მოხსნა. იქამდე კი, სამთაწყაროში, მართლმადიდებელი მოსახლეობა მუსლიმ თემს პარასკევის ტრადიციული ლოცვის შესრულების უფლებას არ აძლევდა.

კომენტარები