საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტი დავითაშვილის ინიციატივაზე: დემოკრატიას ვერავინ შეზღუდავს

fb.com/SaakashviliMikheil

მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატისა და დეპუტატის, კობა დავითაშვილის, საკანონმდებლო ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ნაციონალური მოძრაობის წევრებს სახელმწიფო თანამდებობის დაკავება შეიძლება აეკრძალოთ. 

"ყველაზე კარგი იქნება, კონკრეტული პარტია დავწეროთ, რომელიც ყოველთვის უნდა იყოს და პარტიის უფროსი, რომელიც ყოველთვის იქნება საქართველოს უფროსი. ასეთ რაღაცეებს ქართველი ხალხი წყვეტს. საქართველოში დემოკრატიას ვერავინ ვერ შეზღუდავს. ყველა მცდელობა დემოკრატიის შეზღუდვისა, ბოლოს ქაოსით დასრულდება", - თქვა პრეზიდენტმა.

"თავისუფლების ქარტიის" თანახმად, თანამდებობრივი შეზღუდვები დღეისთვის ვრცელდება პირებზე, რომლებიც თავის დროზე იყვნენ: სსრკ-ის სპეცსამსახურების თანამშრომლები, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ოფიცრები, კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრები, რაიონული და საქალაქო კომიტეტების მდივნები, სსრკ-ის და ახალგაზრდული ლენინური კომუნისტური კავშირის ცენტრალური კომიტეტების ბიუროების წევრები და იმ პერიოდის ტელერადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე. თანამდებობებზე ასევე არ შეიძლება დაინიშნონ პირები, რომელთა შესახებაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, 1991 წლის 9 აპრილიდან მიღებული მონაცემები მიუთითებს მათ ფარულ კავშირზე უცხო ქვეყნების სპეციალურ სამსახურებთან.

აღსანიშნავია, რომ დავითაშვილი თავად იყო ნაციონალური მოძრაობის წევრი და, იმავდროულად, თანამდებობის პირი. 

კომენტარები