თბილისის მერი გიგი უგულავა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებისთვის პენსიისა და სოციალური დახმარების მოხსნას აპროტესტებს. გიგი უგულავას შეფასებით, სოციალური სუბსიდიების სააგენტომ "დრაკონული გადაწყვეტილება" მიიღო და ამხანაგობების თავმჯდომარეებს უსამართლოდ მოექცა. როგორც თბილისის მერმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, სააგენტომ ამხანაგობების თავმჯდომარეები საჯარო მოხელეებად განიხილა, რაც მისი თქმით, უსამართლობაა.
"ეს არის საკრებულოს 19 აგვისტოს უსამართლო გადაწყვეტილების გაგრძელება. ამხანაგობების თავმჯდომარეები მართლაც იღებდნენ წახალისების სახით ანაზღაურებას, თუმცა ეს იყო მათი შრომის გასამრჯელო და ისინი საჯარო მოხელეები არ არიან. სოციალური სუბსიდიების სააგენტომ საპენსიო ასაკის, სოციალურად დაუცველი და ომის ვეტერანი თავმჯდომარეები, რომლებიც აირჩია კორპუსმა, განიხილა საჯარო მოხელედ და ყოველგვარი ფულადი დახმარება შეუწყვიტა. არცერთი წესით და კანონით ამხანაგობის თავმჯდომარე საჯარო მოხელედ არ განიხილება. იგივე პრობლემა აქვთ მეტროპოლიტენის თანამშრომლებს და ავტობუსის მძღოლებს. ეს არის სადამსჯელო ღონისძიება საკუთარი ხალხის მიმართ. სააგენტოს მოვუწოდებ, რომ ეს დრაკონული კასკადი შეწყვიტოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ დავიწყებთ სამართლებრივ ბრძოლას", - აცხადებს უგულავა.
ვიცემერის სევდია უგრეხელიძის განცხადებით, დედაქალაქის მერია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაზარალებულ თავმჯდომარეებს იურიდიულად დაეხმარება.
"გამგეობებში სხედან კვალიფიციური ადვოკატები და ისინი გაუწევენ ამხანაგობების იმ თავმჯდომარეებს დახმარებას, რომლებსაც დახმარება და პენსია მოუხსნეს. ჩვენ ადვილად დავამტკიცებთ, რომ ეს უკანონო გადაწყვეტილებაა", - აღნიშნა უგრეხელიძემ.





