შეღავათიანი აგროკრედიტი

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 6000-მდე შეღავათიანი აგროკრედიტი გასცა

შალვა ფიფია
moa.gov.ge

სოფლის მეურნეობის მინისტრის შალვა ფიფიას ინფორმაციით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში  6000-მდე სესხი დაფინანსდა. მისი განცხადებით, აქედან 2685 მცირე მოცულობის უპროცენტო სესხი მიიღეს ფერმერებმა, 2474 სესხი გაცემულია საშუალო მოცულობის მცირე წარმოებისთვის და მსხვილი ფერმერული მეურნეობებისთვის (სესხების მოცულობა 100 000 ლარამდეა). რაც შეეხება ე.წ. მესამე კომპონენტის სესხებს, რომელიც წარმოებისთვის არის განკუთვნილი (1 მილიონ ლარამდე სესხები), მინისტრის ინფორმაციით, გაცემულია 205 სესხი. მათ შორის 49 -  სრულიად ახალი ბიზნესის დასაფინანსებლად არის განკუთვნილი. მისი თქმით, ახალი საწარმოების გასახსნელად და პირველი პროდუქციის მისაღებად მეწარმეებს მაქსიმუმ 12 თვის ვადა აქვთ მიცემული. შალვა ფიფიას ინფორმაციით, 10 სექტემბრის მდგომარეობით, სამი კომპონენტის ფარგლებში უკვე გაცემულია 5,364 სესხი, ჯამური თანხით - 95,225,158 ლარი. მინისტრის თქმით, იგეგმება ახალი ღვინის საწარმოების, მესაქონლეობის, პროდუქციის შესანახი, რძის გადამუშავების, სამაცივრე მეურნეობებისა და მეფრინველეობის კომპანიების გახსნა.

დღვანდელ შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია ჟურნალისტებს რთველის მიმდინარეობაზეც ესაუბრა. მისი განცხადებით, მიმდინარე წელს გლეხს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება. ფიფიას ინფორმაციით, რთველი 22 აგვისტოს დედოფლისწყაროს რაიონიდან დაიწყო და წარმატებით მიმდინარეობს. მინისტრის თქმით, გასულ წლებში, წინა ხელისუფლება "პოპულისტური ინტერესებიდან გამომდინარე", რთველს აგროვადებზე ადრე იწყებდა, რის გამოც, გლეხს პრობლემა ექმნებოდა.

"დაუმწიფებელ ყურძენს ღვინის მწარმოებელი კომპანიები არ იღებდნენ. წელს მსგავსი პრეცედენტი აღარ მოხდება და მეღვინეებიც კმაყოფილები დარჩებიან და გლეხებიც. 1 კილოგრამი ყურძნის ფასი 1 ლარიდან იწყება. გურჯაანში კი სპეციალური შტაბი მუშაობს, სადაც რთველის მიმდინარეობის დაკვირვება ხდება", - აცხადებს მინისტრი და აღნიშნავს, რომ 2013 წლის იანვარიდან 5 სექტემბრამდე მონაცემებით, ქართული ღვინის ექსპორტმა 22,243974 მილიონი ბოთლი შეადგინა. 

კომენტარები