27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები

რეგისტრაციიდან მოხსნილი მოქალაქეების სრული სია გამოქვეყნდა

სერვისების განვითარების სააგენტომ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილი მოქალაქეების სრული სია გამოაქვეყნა. სააგენტოს ცნობით, რეგისტრაციიდან მოხსნილი პირი საარჩევნო სიაში იმ შემთხვევაში მოხვდება, თუ რეგისტრაციას 10 ოქტომბრის ჩათვლით გაივლის. ამასთან, ის მიიღებს პირადობის ახალ მოწმობას უფასოდ და გათავისუფლდება რეგისტრაციის წესების დარღვევის გამო დაწესებული ჯარიმისაგან (5 ლარი). აქციას მიმდინარე წლის 21 აგვისტოს ძალაში შესული "საარჩევნო კოდექსის" ცვლილების საფუძველზე, იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ები, სერვისების განვითარების სააგენტო და იუსტიციის სახლი განახორციელებენ. სიახლის შესახებ გუშინ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა და აღნიშნა, რომ უწყებათაშორისმა კომისიამ რეგისტრაციიდან მოხსნილ ამომრჩეველთან დაკავშირებით NDI-ის რეკომენდაცია გაითვალისწინა.

რეგისტრაციიდან მოხსნილი მოქალაქეების სრული სია ვებგვერდზე www.sda.gov.ge გამოქვეყნდა.

ცნობისთვის, "საარჩევნო კოდექსის" 185/4-ე მუხლის გათვალისწინებით, ამომრჩეველი, რომელიც მოიხსნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებში ხმას აძლევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციას გაივლის 2013 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით.

კომენტარები