პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგი

აუდიტის სამსახურმა პარტიების დეკლარაციებში დარღვევები აღმოაჩინა

პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური შემოწირულობების შესასწავლად და შემოსავლების სამსახურიდან ინფორმაციის სასამართლო წესით გამოსათხოვად მასალებს ამზადებს. მონიტორინგის სამსახურის წინასაარჩევნო კამპანიის ორთვიანი პერიოდის მონიტორინგის შედეგების თანახმად, 2013 წლის 1-ელი ივლისიდან 9 სექტემბრამდე პერიოდის განმავლობაში პარტიებისთვის 2 372 907.59 ლარის შემოწირულობა განხორციელდა.

პარტიების მიერ მიღებული შემოწირულობები ასეთია - "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - 1 456 560.99 ლარი; "თავისუფალი დემოკრატები" - 315 077.59 ლარი; "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" - 223,873.00 ლარი; "საქართველოს რესპუბლიკური პარტია" – 148 920.00 ლარი; "ეროვნული ფორუმი" – 141 136.41 ლარი; "საქართველოს კონსერვატიული პარტია" – 79 995.00; ხოლო სხვა პარტიები – 7 344.60 ლარი. 

გარდა ამისა, პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა რამდენიმე პარტიის დეკლარაციებში დარღვევები გამოავლინა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, პოლიტიკური პარტიების მიერ სამკვირიანი დეკლარაციებით წარდგენილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ დარღვეულია გენერალური ბრძანება, რომლის მიხედვითაც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ვალდებულია, საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშსწორება განახორციელოს მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების წესით.

"ამასთან, პარტია ვალდებულია მისი საბანკო ანგარიშიდან ნაღდი ფულით გასავლის ოპერაციის განხორციელების შესახებ აცნობოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და სამსახურის მიერ ამ ინფორმაციის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში არ განახორციელოს აღნიშნული ოპერაცია", - ნათქვამია განცხადებაში.

აუდიტის სამსახურის ცნობით, პარტიამ "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", გაურკვეველი დანიშნულებით ბანკომატიდან გაანაღდა თანხა, რომლის შესახებაც აუდიტის სამსახურს არ აცნობა.  ასევე, "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ანგარიშიდან 2013 წლის 8 ივლისს სამივლინებო დანიშნულებით ანგარიშიდან გატანილია 10 500 ლარი, რის თაობაზეც მონიტორინგის სამსახურს წინასწარ არ ეცნობა. "საქართველოს ევროპელი დემოკრატების" ანგარიშიდან ასევე სამივლინებო დანიშნულებით გატანილია თანხები, რის თაობაზეც მონიტორინგის სამსახურს ინფორმაცია არ მიაწოდეს.

"ზემოაღნიშნული წარმოადგენს "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 342-მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას - "სახელმწიფო აუდიტის სამსახურისათვის მის მიერ მოთხოვნილი და ამ კანონით განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდების კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა", რაც იწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით. აღნიშნულ საკითხებზე საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურმა შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და გადაწყვეტილების მიღების მიზნით გადააგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოში", - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

 

კომენტარები