სირიის კონფლიქტი

ასადი: სამხედრო შეტევამ შესაძლოა სირიის მოკავშირეების შურისძიება გამოიწვიოს

ბაშარ ალ ასადი
Benoit Tessier / Reuters

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი ქიმიური იარაღის გამოყენებას უარყოფს. მისი თქმით, საერთაშორისო ძალების შეტევამ შესაძლოა სირიის მოკავშირეების შურისძიება გამოიწვიოს. ასადის მტკიცებით, არ არსებობს სამხილი, რომ მან საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ კი, ასადის ნათქვამის საპასუხოდ თქვა, რომ "მტკიცებულება საკუთარ თავზე თავად საუბრობს".

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი სირიაში სამხედრო ინტერვენციის შესახებ დებატებს დღეს დაიწყებს.

5 სექტემბერს ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სირიაში შეზღუდული სამხედრო ინტერვენციის შესახებ ობამას გადაწყვეტილებაზე თანხმობა გასცა. კომიტეტის 10 წევრიდან 7-მა ხმა მისცა სირიაში სამხედრო ინტერვენციას და ლიმიტი - 60 დღე დააწესა. ასევე, თქვა, რომ აშშ-ის ჯარისკაცები სახმელეთო ოპერაციას არ განახორციელებენ.

31 აგვისტოს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თეთრ სახლში განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სირიაში სამხედრო ინტერვენციას განახორციელებს. მანამდე კი საკითხი კონგრესთან უნდა განეხილა.

თუმცა, ობამამ არ გამორიცხა, რომ სამხედრო ინტერვენცია კონგრესის თანხმობის გარეშე დაეწყო. როგორც უმაღლეს მთავარსარდალს, მას აქვს კონსტიტუციური უფლება, კონგრესის მხარდაჭერის გარეშე სამხედრო ოპერაცია განახორციელოს.

ბარაკ ობამამ თქვა, რომ სირიის ხელისუფლებამ 21 აგვისტოს დამასკში ქიმიური იარაღი გამოიყენა, რამაც 1429 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ობამას თქმით, ოპერაცია შესაძლოა ხანმოკლე იყოს, თუმცა მომავალ ქიმიურ თავდასხმებს შეაჩერებს.

ობამას განცხადებამდე, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურმა სირიის ხელისუფლების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების დამადასტურებელი ფაქტები მოიპოვა და გაავრცელა.

კომენტარები