gbf.ge

მარკოიშვილი: ყველამ საუკეთესო შეხვედრა უნდა ჩავატაროთ

მანუჩარ მარკოიშვილი
gbf.ge

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დღეს, თბილისის დროით 23:00 სთ-ზე, მასპინძელ სლოვენიას შეხვდება. მიუხედავად იმისა, რომ სლოვენია ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება და თან საკუთარ კედლებში ითამაშებს, იგორ კოკოშკოვის გუნდში საბრძოლო განწყობაა. 

ქართველებმა წინა ტურში, ხორვატიასთან დასანანი მარცხი განიცადეს და შეხვედრა მხოლოდ ერთი ქულით დათმეს, სლოვენიამ კი უძლიერეს ესპანეთთან მოახერხა გამარჯვება. დღევანდელ მატჩში საკალათბურთო ექსპერტები მასპინძელთა გამარჯვებას ვარაუდობენ, თუმცა თავად სლოვენიელები ქართველთა სიძლიერეში დარწმუნებულები არიან და რთულ შეხვედრას არ ელიან.

"სერიოზულ მეტოქესთან რომ გვაქვს საქმე, საქართველოს ნაკრების შედეგებიც მოწმობს. მას თავისუფლად შეიძლებოდა ჰქონოდა ორი მოგება, მაგრამ ხორვატიასთან ბოლო წუთებზე წააგო. ჩვენს 7 სექტემბრის მეტოქეს გამოცდილი მწვრთნელი ჰყავს. იგორ კოკოშკოვს კარგად ვიცნობ. მასთან ერთად "ფინიქსში" ვმუშაობდი, წლეულს კი "კლივლენდში" გადავიდა. 2011 წელს, როცა საქართველო ევრობასკეტზე დებიუტანტი იყო, დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია და რთულ ბრძოლაში დავამარცხეთ. ახლა ქართველებმა მეტი გამოცდილება მიიღეს და კიდევ უფრო რთული იქნება მათი გატეხა," - განაცხადა სლოვენიელთა ერთ-ერთმა ლიდერმა, გორან დრაგიჩმა.

იმედიანადაა განწყობილი საქართველოს ნაკრების კალათბურთელი, მანუჩარ მარკოიშვილი.

"სლოვენია ესპანეთთან თამაშით თუ ვიმსჯელებთ ძალიან კარგ ფორმაშია. ფაქტია, რომ ძალიან რთული თამაში გველოდება. ვეცდებით ყველამ საუკეთესო შეხვედრა ჩავატაროთ, რათა შანსები დავიტოვოთ. სლოვენიელებს მაყურებლის ფაქტორი დიდ უპირატესობას აძლევთ, ასევე ის ფაქტი რომ ესპანეთი დაამარცხეს, ალბათ მეტ თავდაჯერებულობას შემატებს. ჩვენ ეს ფაქტორი უნდა გამოვიყენოთ და მეტოქეს სურპრიზი შევთავაზოთ," - განაცხადა მანუჩარ მარკოიშვილმა.

კომენტარები