პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა

საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო სამ კანონპროექტზე დაძლია

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

საპარლამენტო უმრავლესობამ დღევანდელ სხდომაზე პრეზიდენტის ვეტო სამ კანონპროექტზე დაძლია და კანონპროექტების საკუთარ რედაქციას მხარი კიდევ ერთხელ დაუჭირა.

მიხეილ საააკაშვილმა ვეტო პარლამენტის მიერ მიღებულ უმაღლესი განათლების შესახებ კანონპროექტს, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებსა და პარლამენტის მიერ დამტკიცებულ იმ საკანონმდებლო ინიციატივას დაადო, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებისთვის სტატუსის შეცვლაზე მორატორიუმის გამოცხადებას ითვალისწინებს.  სამივე კანონპროექტთან დაკავშირებული პრეზიდენტის შენიშვნები დეპუტატებმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილეს. 

მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო არგუმენტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე მიზნობრივი სტატუსის შეცვლის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით იმაში მდგომარეობდა, რომ აღნიშნული შეზღუდვა საკუთრების შეზღუდვისთვის კონსტიტუციით განსაზღვრულ მოთხოვნებს სცდება, საკუთრების უფლების შეზღუდვა კი მხოლოდ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევაშია დასაშვები. გარდა ამისა, პრეზიდენტი და  მისი გუნდი პარლამენტში მიიჩნევენ, რომ მმართველი გუნდის მიერ მიღებული კანონპროექტი ინვესტიციების შემცირებასა და ეკონომიკური ზრდის შენელებას გამოიწვევს. 

უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტი თვლის, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტონომიას მნიშვნელოვნად ზღუდავს და უმაღლესი განათლების სისტემის თავისუფალ განვითარებას ხელს არ უწყობს. აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით სააკაშვილის შენიშვნები კანონპროექტის იმ მუხლებს ეხებოდა, რომლითაც დოქტორანტებს ასისტენტ-პროფესორობის უფლება ეზღუდებათ, ხოლო მოქმედ ასისტენტ-პროფესორებს, რომლებსაც დოქტორანტის აკადემიური ხარისხი აქვთ, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის უფლება არ ეძლევათ.

პრეზიდენტის ვეტო კანონპროექტის იმ მუხლებსაც შეეხება, რომელიც უნივერისტეტებს უკრძალავს დეკანად სხვა უნივერსიტეტის მეცნიერი აირჩიოს. პრეზიდენტის შენიშვნა ასევე ეხება პუნქტს, რომლის საფუძველზეც, როგორც ნაციონალური მოძრაობა განმარტავს, უნივერსიტეტები რექტორად წამყვანი უნივერისტეტებიდან წარმატებულ მეცნიერებს, მათ შორის უცხოეთში მოღვაწე ქართველებს ვერასდროს მოიწვევენ.

უმაღლესი განათლების შესახებ კანონპროექტში პრეზიდენტის კიდევ ერთი შენიშვნა ეხება პროექტის იმ ნაწილს, რითაც ადმინისტრაციის ხელმძღვანელს აკადემიური თანამდებობის დაკავება ეკრძალება. 

რაც შეეხება "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" კანონში განხორციელებულ ცვლილებებს, პრეზიდენტის შენიშვნები ეხებოდა ობიექტისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებასა და მოხსნას, ასევე, თბილისის ისტორიულ უბნებში მშენებლობის ნებართვის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის გადაცემის საკითხებს.

პრეზიდენტი განმარტავს, რომ ამ პროცესში აღნიშნული სამინისტრო და სპეციალისტები ისედაც ჩართულნი არიან. დედაქალაქის მერიისთვის ამ პროცესში კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ჩამორთმევა კი, მიხეილ სააკაშვილს მიზანშეწონილად არ მიაჩნია. 

პრეზიდენტის ვეტოების დაძლევიდან გამომდინარე ზემოაღნიშნულ სამ კანონს  პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი მოაწერს ხელს და გამოაქვეყნებს.

კომენტარები