საზოგადოებრივი მაუწყებელი

ბარათაშვილი სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას ნაციონალურ მოძრაობას უკავშირებს

გიორგი ბარათაშვილი
Media.ge / Media.ge

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადაყენებული გიორგი ბარათაშვილი სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას პოლიტიკური მოტივით ხსნის და აღნიშნულს ნაციონალური მოძრაობის დაკვეთას უკავშირებს.

"ჩვენ ახალ ეთერს ვიწყებდით. რამდენად გონივრულია ახალი ეთერის და არჩევნების წინ ბორდის მხრიდან ასეთი გადაწყვეტილების მიღება, არ ვიცი. ასეთი გადაწყვეტილებები წინასაარჩევნოდ ტყუილა არ ხდება. ამაში ვხედავ პოლიტიკურ მხარეს. პოლიტიკურ ძალაში ვგულისხმობ ნაციონალურ მოძრაობას, რადგან ბორდი დაკომპლექტებულია სწორედ ნაციონალური მოძრაობის მიერ", - განაცხადა ბარათაშვილმა.

დღეს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ემზარ გოგუაძემ, თქვა, რომ გუშინ მაუწყებელში მომუშავე ე.წ ოდეერი ირაკლი ცაბაძე გიორგი ბარათაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილების შეცვლას სთავაზობდა.

"ბორდის სხდომის გახსნისთანავე კამერების წინ გავაკეთე განცხადება თუ როგორ დამხვდა ჩემს კაბინეტში ე.წ ოდეერი, რომელიც თავისი უფროსების სახელით შემპირდა ყველაფერს, მათ შორის მინისტრობას, მომავალი ბორდის თავმჯდომარეობას, ოღონდ მე გადაწყვეტილება შემეცვალა. ისიც არ ვიცი საიდან იცოდა მან ჩემი გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ. ეს ოდეერი გახლავთ ირაკლი ციბაძე, რომელსაც არ ვიცოდი თუ ამ უწყებაში ეს ფუნქციაც ჰქონდა" , - განაცხადა ემზარ გოგუაძემ.

მისი თქმით, ირაკლი ციბაძე მაუწყებელში მუშაობს. "არის ცნობა, რომ ის აქ მობრძანდება, შტატში არ არის, თუმცა სამეურვეო საბჭოზე განპირობებული მანქანით დაბრძანდება", - განაცხადა ემზარ გოგუაძემ და დასძინა, რომ მსგავსი იაფასიანი მუქარების არ ეშინია.

გიორგი ბარათაშვლის თქმით, ირაკლი ციბაძე გენერალური დირექტორის მრჩეველია უსაფრთხოების საკითხებში, თუმცა ტელევიზიაში მას არ მოუყვანია. "ეს ადამიანი მე რომ დავბრუნდი უკვე მუშაობდა ტელევიზიაში და ის არ არის ჩემი მოყვანილი", - აცხადებს ბარათაშვილი.

კომენტარები