ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტი

პოლიციამ ბოლნისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე დაკითხა

facebook.com

ბოლნისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე მალხაზ ერაძე წუხელ ღამის ორ საათამდე ბოლნისის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებოდა. პოლიციის შენობის წინ ერაძის მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილები. ისინი საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის პოლიციიდან გამოშვებას კატეგორიულად მოითხოვდნენ. "ინტერპრესნიუსის" ცნობით, პოლიციის შენობის წინ შეკრებილი აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, რომ გუშინ საღამოს და გვიან ღამით სამართალდამცავებმა გაჩხრიკეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ერაძის სამუშაო კაბინეტი. ასევე ჩხრეკა ჩატარდა ბოლნისში, მალხაზ ერაძის მამის საცხოვრებელ სახლში და თბილისში ერაძის საცხოვრებელ სახლში. აქციის მონაწილე დავით ადუაშვილის განცხადებით, პოლიცია თვითმმართველობის ბეჭედს ეძებდა, რომელიც სავარაუდოდ, მალხაზ ერაძეს ჰქონდა. ადუაშვილის თქმითვე, დაკითხვაზე სამართალდამცავები ერაძისგან მოითხოვდნენ, რომ მას თვითმმართველობის ბეჭედი დაეტოვებინა. 

მალხაზ ერაძე ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტიდან 26 აგვისტოს გადააყენეს. საკრებულოს წევრებმა გადაწყვეტილება რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს. მათი აზრით, ის დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ართმევდა. რამდენიმე დღის წინ კი, ერაძემ "ქართული ოცნება" დატოვა და "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს" შეუერთდა. ერაძის განცხადებით, საკრებულოს 13 წევრის მიერ რიგგარეშე სხდომაზე მისი გადაყენება უკანონო იყო. მისი თქმით, აღნიშნული სხდომის ოქმი გაყალბებულია. როგორც ,,პრაიმ-ტაიმის“ პრესკლუბში ერაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი პოსტიდან გადაყენება "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს სურდათ და მათ ,,ქართული ოცნებაც“ უჭერდა მხარს.

 



 

კომენტარები