ევრაზიის კავშირი

ფანჯიკიძე: საქართველოსთვის ევრაზიის კავშირში გაწევრიანება აქტუალური არ არის

facebook.com/maiapanjikidzeofficial

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე, საქართველოს ევრაზიის კავშირში გაწევრიანების შესახებ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოსთვის ევრაზიის კავშირში გაწევრიანება აქტუალური არ არის.

"ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ჩვენ ვაკვირდებით და ვსწავლობთ ევრაზიის კავშირს. უნდა გითხრათ, რომ მარტო ჩვენ კი არ ვაკვირდებით და ვსწავლობთ ევრაზიის კავშირს, არამედ მთელი მსოფლიო, მათ შორის ევროკავშირიც. ასე ვთქვათ, ეს ჩვენს გვერდით ხდება, რასაკვირველია, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა ხდება და უნდა ვნახოთ რა არის იქ საინტერესო. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თავის გამოსვლაში, როდესაც ამბასადორიალი გაიხსნა, განაცხადა, რომ საქართველოს პოლიტიკის ქვაკუთხედი არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. მე მგონი, ამაზე მკაფიოდ ამ მესიჯის გაჟღერება შეუძლებელია" , - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. 

მაია ფანჯიკიძის თქმით, საინტერესოა, ევრაზიის კავშირს  როგორი ურთიერთობა ექნება მაგალითად, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან და ევროკავშირთან. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირიც დაკვირვებით ადევნებს თვალყურს მოვლენებს და შეიძლება ძალიან ბევრი საერთო თემა არსებობდეს. 

"შეიძლება ძალიან ბევრი საერთო თემა არსებობდეს, რადგანაც ვაჭრობა და ეკონომიკა გლობალური ცნებებია და შესაბამისად, თავსებადობა რაღაცნაირად განსხვავებული ორგანიზაციების საჭიროა იმისათვის, რომ მსოფლიოში ვაჭრობა და ეკონომიკა განვითარდეს" , - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. 

ფანჯიკიძემ კვლავ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის არა ევრაზიის კავშირი, არამედ ვილნიუსის სამიტია აქტუალური.ასევე საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება.

ბიძინა ივანიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების პერსპექტივა არ გამორიცხა.

"ყურადღებით ვუყურებ და ვსწავლობ ამ საკითხს. ჯერჯერობით, არანაირი პოზიცია არ გვაქვს, მაგრამ თუ პერსპექტივაში ვნახავთ, რომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიისთვის იქნება კარგი, რატომაც არა" - აღნიშნა ივანიშვილმა. 

კომენტარები