რელიგიის თავისუფლება

პრემიერი მინარეთზე: კოაბიტაცია დასრულდება და ასეთი პრობლემებიც დასრულდება

ბიძინა ივანიშვილი
ტაბულა

კითხვაზე, რას უპასუხებდა პრემიერი სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკას, - რომ ნიგვზიანში, წინწყაროსა და სამთაწყაროში, ხოლო შემდეგ სოფელ ჭელაში მუსლიმთა უფლებების შელახვისთვის არავინ დასჯილა, პრემიერმა შორიდან დაიწყო:

”საბჭოთა კავშირიდან დავიწყოთ. ვგულისხმობ იმას, რომ მართლმადიდებლობაცა და მუსლიმობაც იკრძალებოდა და ათეიზმი იყო თითქმის ყველაფერში. ამან იმოქმედა თავისთავად. როცა რამეს გიკრძალავენ შემდეგ მეორე მხარესაც გადახრაც ხდება ხოლმე. ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ რელიგიას, უმრავლესობა საქართველოში ცხოვრობს ქრისტიანი მართლმადიდებელი და მეც ესეთი გახლავართ. მე ჩვენს რელიგიას დიდ პატივს ვცემთ, ეს არ არის მხოლოდ რელიგია, ეს არის ჩვენი კულტურა... საბჭოთა კავშირის გავლენა და განსაკუთრებით 9 წლიანი მმართველობის გავლენა, იყო ძირითადად ძალაზე დაფუძნებული, ამანაც იმოქმედა და გარკვეული დამღა მიაყენა. საბჭოთა კავშირის პერიოდშიც და წინა ხელისუფლებაც, მოხდა გარკვეული გადახრები, ახლა რომელ მხარეს, საით, ეს პროცესები ბუნებრივად აღარ იმართებოდა, და რა თქმა უნდა ის ბუნებრიობა დაიკარგა რაც ჩვენ გვქონდა ტრადიციულად და პრობლემები დარჩა და დაგროვდა. ადრე ვერ ბედავდნენ, ახლა ზოგმა ობიექტურად გაბედა და ხმა ამოიღო, რაც არასწორი იყო, ზოგიერთ შემთხვევაში. ეს ანგაჟირებულია და ხელოვნურადაა წამოწყებული, ძველ ხელისუფლებას ძალიან აწყობს ეს და ზოგიერთი შეიძლება გარედანაც იმართებოდეს, ეს ძალიან ფაქიზი საკითხია.” - განაცხადა ივანიშვილმა პრესკონფერენციისას.

რაც შეეხება უშუალოდ სოფელ ჭელაში მიმდინარე მოვლენებს, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მინარეთის დემონტაში კანონიერი იყო, თუმცა ივანიშვილმა ფორმა დაიწუნა. მეორე მხრივ პრემიერი ზოგიერთ მართლმადიდებელ იერარქს მოუწოდებს სახელმწიფო საქმეებში არ ჩაერიოს. პრემიერმა საზოგადოებას გარანტი მისცა, რომ კოჰაბიტაციის დასრულების შემდეგ, ”ეს პროცესებიც” დასრულდება.

”რაც შეეხება კონკრეტულ საკითხს, რაც მოხდა ჭელაში. მე როგორც მთავრობის მეთაური აქცენტს გავაკეთებ კანონზე. არ შეიძლება ასე, ერთ ღამესაც გავიღვიძეთ და მინარეთი დგას. მინარეთი არავისთან შეთანხმებული არ იყო, პროექტი არ არსებობდა, ადგილობრივი თვითმმართველობა საქმის კურსში არ იყო. აი აქედან დაიწყო, - რატომ გახდნენ ისინი იძულებულნ.ი ერთ ღამეში გაეკეთებინათ. აი აქ მრჩება მე კითხვა. არსებობს რეალური პრობლემა, რომ საქართველოში მეჩეთი აშენდეს? მე ვფიქრობ. რომ ზოგიერთი მუსლიმი ჩვენი თანამოქალაქე, ამას ობიექტურად განიცდის, რამეთუ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან და იმის შემდგომ ამ ცხრაწლიანი ძალადორივი მმართველობის პერიოდში, რაც არსებობდა, დაირღვა ეს ბუნებრიობა და ბალანსი, რაც არსებობდა. მე ვფიქრობ, რომ ახალი არჩევნების შემდეგ ეს პროცესიც გაიოლდება და გამარტივდება.

სახელმწიფო ფუნქციაში ნუ ჩაერევა ნურც მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენელი, რომელიც ცდილობს და აკეთებს შესატყვის განცხადებებს. ჩვენ უდიდეს პატივს ვცემთ ჩვენს რელიგიას, უდიდეს პატივს ვცემთ ეკლესიას, ეკლესია გამოყოფილია სახელმწიფოსგან და ჩვენ შევეცდებით არ ჩავერიოთ, მხოლოდ დავეხმაროთ, მაგრამ მათაც კარგად უნდა გაიგონ, რომ, არ აქვთ უფლება სახელმწიფო ფუნქცია შეითვისოს და ეს კარგად უნდა გააცნობიერონ და შესატყვისი განცხადებები გააკეთონ. ჩვენ მხოლოდ კანონზე დაფუძნებით უნდა ვიმოქმედოთ. იძულებული გახდა ფინანსური პოლიცია... რა ვქნათ ეს ძალიან მტკივნეული თემაა, როდესაც ხდება დემონტაჟი, რა თქმა უნდა ძალიან მტკივნეულია, ჯობდა ალბათ უფრო ფაქიზად მოქცეულიყვნენ. მაგრამ როცა გევალება და გასაკეთებელია, ზოგჯერ გიწევს უხეში საქმის გაკეთებაც, თუმცა ეს სასიამოვნო არაა, არც ჩემთვის და არც თქვენთვის. მე ვფიქრობ რომ კოჰაბიტაციის პროცესი დასრულდება და ასეთი პრობლემები სულ მალე დასრულდება საქართველოში, მე ვფიქრობ რომ ძალიან ხშირად ხელოვნურად არის ინსპირირებული, მალე და სწრაფად თუ გნებავთ, ეს დასრულდება და თუ გნებავთ გარანტიასაც მოგცემთ. სულ რამდენიმე თვეში ეს პროცესი დასრულდება, როცა დავასრულებთ პროცესს და ღირსეულ არჩევანს გავაკეთებთ ოქტომბერში.” - აცხადებს პრემიერი.

კომენტარები