საზოგადოებრივი მაუწყებელი

მაუწყებლის მენეჯმენტი: კვესიტაძე და პაიჭაძე არხის თანამშრომლებად რჩებიან

გიორგი ბარათაშვილი
Media.ge / Media.ge

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის გიორგი ბარათაშვილის განცხადებით, ჟურნალისტები - ეკა კვესიტაძე და დავით პაიჭაძე 1 იანვრამდე მაუწყებლის თანამშრომლებად რჩებიან. როგორც სპეციალურ ბრიფინგზე ბარათაშვილმა განმარტა, იქნებიან თუ არა დავით პაიჭაძე და ეკა კვესიტაძე პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანები, მაუწყებლის მენეჯმენტს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. მისი თქმით, პოლიტიკური თოქ-შოუები ახალ სეზონზე ჩაეშვება, თუმცა წამყვანებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ამ დრომდე გრძელდება. როგორც ბარათაშვილმა აღნიშნა, წამყვანებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ოქტომბრის დასაწყისში გახდება ცნობილი.

ეკა კვესიტაძის ინფორმაციით კი, მისი გადაცემა "აქცენტები" დაიხურა. კვესიტაძის თქმით, არხის ახალი გენერალური დირექტორი არაერთხელ დაპირდა სამეურვეო საბჭოს, რომ “აქცენტები” გაგრძელდებოდა, თუმცა,  2 სექტემბერს პირველ არხზე გასული სიუჟეტიდან ცნობილი გახდა, რომ მისი გადაცემა ახალ ბადეში აღარ ფიგურირებს. კვესიტაძე ფიქრობს, რომ  არჩევნებამდე ორი თვით ადრე საზოგადოებრივ მაუწყებელზე პოლიტიკური დებატების შეწყვეტა ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ჟურნალისტის შეფასებით, ეს მედიის გადანაწილების და მასზე ზეწოლის ახალ სქემაში პირდაპირ ჯდება. მისივე თქმით, რვა თვის განმავლობაში არხის დირექტორი, მხოლოდ ერთხელ, შემთხვევით ნახა.

"მან რამდენჯერმე უთხრა სამეურვეო საბჭოს, რომ ჩემთან, ისევე როგორც სხვა წამყვანებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, თუმცა, ასეთი მოლაპარაკება არცერთხელ არ გამართულა. ჩემი ბოლო მცდელობა, მას შევხვედროდი და ჩემი გადაცემის შესახებ მკაფიო პასუხი მიმეღო, ასევე წარუმატებლად დასრულდა" - აღნიშნავს კვესიტაძე. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სეზონი 16 სექტემბერს დაიწყება და პროექტები ეთერში ეტაპობრივად ჩაეშვება.

კომენტარები