სირიის კონფლიქტი

აშშ-ში დემონსტრანტები ბარაკ ობამას გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

telegraph.co.uk

ამერიკაში დემონსტრაციები მიმდინარეობს. დემონსტრანტები პრეზიდენტ ბარაკ ობამას გადაწყვეტილებას სირიაში ინტერვენციის შესახებ აპროტესტებენ. ისინი ობამას ადმინისტრაციისგან მოითხოვენ, რომ გაეროს ექსპერტთა ჯგუფის საბოლოო დასკვნას დაელოდოს. ექსპერტები დაადგენენ, ნამდვილად გამოიყენა სირიის ხელისუფლებამ ქიმიური იარაღი დამასკოში თუ არა. დემონსტრანტები აქციებს ნიუ-იორკში, ფილადელფიაში, სან-ფრანცისკოში მართავენ.

„გაეროს ექსპერტთა ჯგუფი კვლავ მოშაობს. ჩვენ მათ დრო უნდა მივცეთ, რომ საბოლოო დასკვნა მიიღონ. ჩვენ მეტი ინფორმაცია გვჭირდება, სანამ ომს დავიწყებთ“ - აღნიშნავს აქციის მონაწილე ფილადელფიაში.

სან-ფრანცისკოში კი დემონსტრანტები სამხედრო ინტერვენციის შესახებ გადაწყვეტილების საერთოდ გაუქმებას მოითხოვენ.

გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თეთრ სახლში სირიასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიაში სამხედრო ინტერვენცია უნდა განახორციელოს. თუმცა, მანამდე ამ საკითხზე კონგრესთან მსჯელობას აპირებს. კონგრესი 9 სექტემბერს გაიხსნება.

ობამა არ გამორიცხავს, რომ სამხედრო ინტერვენცია ხვალ ან მომავალ კვირას დაიწყოს. როგორც უმაღლეს მთავარსარდალს, მას აქვს კონსტიტუციური უფლება კონგრესის მხარდაჭერის გარეშე სამხედრო ოპერაცია განახორციელოს.

ობამას თქმით, სირიის ხელისუფლებამ 21 აგვისტოს დამასკოში ქიმიური იარაღი გამოიყენა, რამაც 1429 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მან ასევე თქვა, რომ ოპერაცია შესაძლოა ხანმოკლე იყოს, თუმცა მომავალ ქიმიურ თავდასხმებს შეაჩერებს.

"დამასკოში მომხდარი მოვლენების შესახებ ჩვენ არ შეგვიძლია თვალები დავიბრმავოთ“ - აღნიშნა ობამამ.

სირიის ხელისუფლება უარყოფს ქიმიური იარაღის გამოყენებას და მომხდარში აჯანყებულებს ადანაშაულებს.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის სადაზვერვო სამსახურმა, სირიის მთავრობის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, მოპოვებული ფაქტები გაავრცელა.

 

 

კომენტარები